პატრიარქის თანამოსაყდრემ პეტრე-პავლობის აღსანიშნავი საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა
,,როდესაც ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, თუ გნებავთ, ჩვენი ერის ცხოვრებაზე, ჩვენი ერის ისტორიაზე, ჩვენი ერის მომავალზე, ჩვენც ამ იმედით ვივსებით. ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ უფალს შეუძლია მოახდინოს ეს ცვლილება როგორც პეტრესა და პავლეს შემთხვევაში, ისე ჩვენს ერშიც“.
მას შემდეგ, რაც პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, მეუფე საჯაროდ პირველად გამოჩნდა და სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვიხსენიებთ წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს და მათთან ერთად, შეიძლება ითქვას, მთელი მოციქულთა დასი მოგვმართავს ჩვენ, მოწოდებულთ.
ეს არის თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული მოწოდება, რომელსაც წმინდა სახარება ასე გადმოგცემს: „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა დაბადებულს.“
დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა მოციქულ პეტრეზე, წმინდა მოციქულ პავლეზე, მათ დიდებულ ღვაწლზე, თუ როგორი სიხარულით შეასრულეს მათ ეს ლოცვა-კურთხევა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, როგორი გულანთებულნი იყვნენ ისინი, როგორი ცეცხლოვანი იყო მათი მსახურება, რამდენი ტანჯვა დაითმინეს, რამდენი შეურაცხყოფა, რამდენი სირთულე და მაინც სიხარულით აღსავსენი იყვნენ, ამ სიხარულით მოღვაწეობდნენ და ამოწმებდნენ ქრისტეს, ემსახურებოდნენ მას. ქრისტეს, რომლის გულისთვისაც შემდეგ ორივე მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება ამ ძალის არსებობა, უფრო მეტად ვენდობით ჩვენს ადამიანურ შესაძლებლობებს, ადამიანურ ძალებს და, ამ დროს, ხსოვნა ამ საღვთო მადლის ძალისა გვმატებს ჩვენ სიმხნევეს, იმედსა და სასოებას.
ადამიანები, რომლებიც განდგომილნი არიან ღვთისგან, შეიძლება მდევნელნიც კი არიან ეკლესიისა, ხვალ შეიძლება გახდნენ მოშურნე და ერთგული მსახურები ღვთისა, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ეძიებენ ჭეშმარიტებას.აი, ასე უნდა ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამისკენ უნდა ვისწრაფოთ ჩვენც”,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თანამოსაყდრეს სამების ეკლესიის ეზოში ჟურნალისტები დახვდნენ. მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებთან პირველი მცირე კომენტარი გააკეთა.
,, გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას. ღვთის შეწევნით კარგად ვარ, იმედია გაირკვევა, ეს არის ყოფითი მოწამვლა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ვერ მოგახსენებთ”,- განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ.