13 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულთა ხსენების დღესა და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13 ივლისი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტ მოციქულთა ხსენების დღესა და სვეტიცხოვლობას განსაკუთრებულად აღნიშნავს.

დღეს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში საზემო წირვა ჩატარდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.

ეკლესიას თითოეული მოციქულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. მოგეხსენებათ, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც, 13 ივლისის დღესასწაულზე – 12 მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობაც აღინიშნება.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში, პირველი ტაძარი-სვეტიცხოველი სწორედ 12 მოციქულის სახელზე აშენდა, რადგან 12 მოციქული არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა.

ეს დღე გახლავთ მოწოდება  ჩვენდამი, მოწოდება სამოციქულო ეკლესიისა და მოწოდება თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმაც ასეთი სიტყვები გვიანდერძა: ,,წადით და მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა დაბადებულს“.

დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ სამოციქულო მემკვიდრეობის წევრნი და ამ დიდი მემკვიდრეობის მემკვიდრენი ვართ. როგორც პეტრე მოციქული ამბობს: ,,ჩვენ, ყველანი, ქრისტიანები, ვართ რჩეული მოდგმა და სამეფო მღვდლობა“. სწორედ ამ სამეფო მღვდლობის წევრნი ვართ თითოეული ჩვენთაგანი, რომლებსაც ზოგს საერო, ზოგს კი საეკლესიო მსახურება გვერგო.  ქრისტიანული ცხოვრების მთავარ მიზანი არის ის, რომ არ გაგვინელდეს სიყვარულის ცეცხლი, რადგან შევძლოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება და შევძლოთ იმ დიდი მისიის აღსრულება, რომელიც სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობამ დაგვაკისრა. ეს არის ჩვენი პასუხი უფლისადმი, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც წმინდა მოციქულებს ვიხსენიებთ.

კრება წმინდა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე IV  საუკუნიდან აღინიშნება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულს კი წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს ვზეიმობთ. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

 

ლიკა მაჩხანელი


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი