დღეს, ყველა თაობის საყვარელი მწერალი, ნოდარ დუმბაძე დაიბადა

,,დაბადება – თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ“.

 

1928 წლის 14 ივლისს, ქართველი მწერალი და სცენარისტი ნოდარ დუმბაძე დაიბადა. დღეს, ყველა თაობის საყვარელი მწერლის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა.

ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან, მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და ,,მე ვხედავ მზეს“ მოუტანა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად, დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. მწერლის პოპულარობას მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილმა სპექტაკლებმა და კინოფილმებმა დიდად შეუწყო ხელი. ასევე, აღსანიშნავია ნოდარ დუმბაძის პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში. მას ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. საინტერესოა მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილებიც. მწერლის თხზულებები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.

ნაწარმოებებიდან წამოსულმა ადამიანურობამ, სინათლემ და სითბომ, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მისი შემოქმედება ტრაგიკულისა და კომიკურის დიდებულ ნაზავს წარმოადგენს და, ამგვარად, გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართულ მწერლობაში.

აღსანიშნავია, რომ წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიეძღვნა, რომელიც 15 ივლისს დასრულდება.

ფესტივალი, 10 დღის განმავლობაში, განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშები სხვადასხვა წარმოდგენით იყო გამორჩეული. ფესტივალის განმავლობაში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამი სივრცე უცხოეთის შვიდმა თეატრმა რვა სპექტაკლით, ხოლო 18-მა ქართულმა თეატრმა კი 18 სპექტაკლით დაიკავა.

,,ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს… უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით“.

ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა. მწერალი, თავდაპირველად, საბავშვო ქალაქ „მზიურში“ იყო დაკრძალული, რომლის აშენების იდეაც თავად ეკუთვნოდა. 2009 წლის 14 სექტემბერს კი, მწერალი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

 

ლიკა მაჩხანელი