სოფელი მცხეთაში, რომელიც რამდენიმე ეკლესიითა და არქეოლოგიური ობიექტებითაა ცნობილი

თბილისი- მცხეთის საავტომობილო გზაზე არსებულ ხეობაში, კარნისხევს თუ გაუყვებით, სულ რაღაც 7-8 კილომეტრში, სოფელ კარსანში მოხვდებით. ხეობაში წარმტაცი ბუნება და განსაკუთრებული ჰავაა, რომელიც ყველა მნახველს აღაფრთოვანებს.

კარსანის ხეობა ნახსენებია ქართულ წყაროებში. მცხეთელი ებრაელების ლეგენდის თანახმად, იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისგან დევნილი ებრაელებისთვის სწორედ კარსნისხევი მიუციათ სამოსახლოდ.

თავად სიტყვა “კარსანი”  პირველად ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ში, ქრისტეს კვართის საქართველოში შემობრძანების მონათხრობში გვხვდება. გადმოცემის თანახმად, ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზი, რომლებმაც იერუსალიმიდან ქრისტეს კვართი ჩამოიტანეს, კარსანიდან ყოფილან.

,,ესმათ სიტყვა და წავიდნენ: ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. როცა ისინი მივიდნენ, შეესწრნენ უფლის ვნებას დიდ პარასკევ დღეს და მოიტანეს მათ უფლის კვართი მცხეთას”.

,,ელიოზ მცხეთელი და მისი ამხანაგი ლონგინოზ კარსნელი წავიდნენ იერუსალიმს და იხილეს ჯვარცმული ქრისტე” (აბიათარ მღვდელი).

ივანე ჯავახიშვილიც ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კვართის­ მცხეთაში მომტანი ელიოზი და ლონგინოზ კარსნელები არიან.

სოფელი კარსანი თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. კარსნის სიახლოვეს ქართველთა ეთნარქი – ქართლოსია დაკრძალული, რის გამოც, ეს მთა, უძველესი დროიდან, მთავარ სიწმინდედ იყო აღიარებული.

კარსანში  სამი ეკლესია- ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ეკლესიები, წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები(ნიშა)  და არქეოლოგიური ობიექტები მდებარეობს.

წმინდა ნინოს  დარბაზული ეკლესია გვიანდელი ფეოდალური ხანით, IX-X საუკუნეებით თარიღდება.  იგი რამდენიმეჯერ არის გადაკეთებული, თუმცა მასში ნათლად ჩანს ადრეული ხანის არქიტექტურის დახვეწილი ფორმები და პროპორციები –  პარალელურწირთხლებიანი სარკმლები და ნალისებური ფორმის აბსიდი. ასევე, ციხესიმაგრის შემორჩენილ კედლებზე კარგად იკითხება ანტიკური ხანის მშრალი წყობის ქვის რიგები. ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი  კი სწორკუთხა ფილებით. იატაკის დონიდან ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნახევარწრიული ნიშია. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

კარსანის წმინდა ნინოს ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები 2000 – იან წლებში ჩაუტარდა და მთლიანად აღდგა. ამჟამად, ტაძრის სიახლოვეს მისვლა სოფელ კარსნის გავლით მანქანითაცაა შესაძლებელი. ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციცაბო ბილიკით შესაძლებელია არმაზისხევში მოხვედრაც.

1961− 62 წლებში, წმინდა ნინოს ტაძრის სიახლოვეს  ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა აქეოლოგიური გათხრები. არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია მოზრდილი გალავანი კოშკებით, საცხოვრებელი ნაგებობანი და სხვა. გალავნის ჩრდილოეთით გამოვლინდა ორი მარანი,  სადაც ერთში 14, მეორეში კი 4 საშუალო სიდიდის ქვევრი აღმოჩნდა. გათხრების შედეგად, ასევე, დიდი რაოდენობით, სხვადასხვა ფორმის, სიდიდისა და დანიშნულების კერამიკები და ქვევრსამარხები გამოვლინდა.

კარსნის ღვთისმშობლის ეკლესიაც IX-X  საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია და ნატეხი ქვითაა ნაგები. როგორც ვარაუდობენ, აღნიშნული კვადრები სხვა, გაცილებით ძველი შენობიდან არის მოტანილი. ტაძრის საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას, რომელიც ტაძრის განახლების შემდეგაც იმავე ადგილასაა დატოვებული.

ძლიერ დაზიანებულ ეკლესიაში შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ნაწილები. ძეგლის აღდგენა 2012 წელს დაიწყო, რასაც წინ მისი ძირეული შესწავლა უძღოდა. აღსანიშნავია, რომ აღდგენითი სამუშაოების დროს საშენ მასალად გამოყენებულია მხოლოდ კირის დუღაბი. ეკლესიასთან მისასვლელი კარსნისხევიდანაა.

წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ ცნობები ნაკლებად მოიპოვება. ეკლესია თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია საკურთხევლისა და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაშთები, რომელიც ე.წ. „ქართული აგურითაა“ ნაშენი. ასევე, კარგად მოჩანს საძირკვლის კონტურებიც. ტაძარი ტყეში, კარსნისხევის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის სასაფლაოსთან ახლოსაა. მისასვლელი გზა დაზიანებულია, თუმცა მანქანით ტაძართან მისვლა შესაძლებელია.

 

რკინის ბეჭედი სარდიონის თვლით. გამოსახულია მხედარი ღვთაება, მითრა (?). II-III სს. კარსნისხევი.

კარსნის მიდამოებში არქეოლოგიური ძეგლები: მეთუნეთა ნამოსახლარი, ტერასული ნამოსახლარი, სახელოსნო უბანი, სამაროვანი, საწნახელი, მარანი და მინის სახელოსნო მდებარეობს. 1925 წელს, ამ ადგილას მცირე მასშტაბის გათხრები ჩატარდა, 1975 წლიდან  კი სტაციონარული გათხრები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია კარსნისხევი უძველესი ხანიდან იყო დასახლებული. აქ ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები. კარსნისხევის მარჯვენა ნაპირას აღმოჩნდა ძვ.წ. I საუკუნის – ახ.წ. I საუკუნის კომპლექსური ძეგლი: ხელოსანთა დასახლება, საწარმოო უბანი და სამაროვანი, ნამოსახლარზე კი  3 სამშენებლო ჰორიზონტი გამოვლინდა. არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ  ქვეტეხილითა და ტალახით ნაგები გეგმით, მოგრძო, ოთხკუთხა შენობები გადახურული ყოფილა ანტიკური ხანის მცხეთური ბრტყელი და ღარიანი კრამიტით, თიხატკეპნილი იატაკის ცენტრალურ ნაწილში კი ქვითა და თიხით ნაგები კერები ყოფილა. გათხრების შედეგად, დიდი რაოდენობითაა მოპოვებული, უმთავრესად, მოწითალოდ გამომწვარი, თხელკეციანი საოჯახო კერამიკული ნაწარმი, ლითონისა და თიხის ქანდაკებანი. ასევე  გამოვლინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ალიზის ორსართულიანი ქურები და მასთან დაკავშირებულ ნაგებობათა ნაშთები, ნამოსახლარის მახლობლად კი I-III საუკუნეების სამაროვანი.

ძირითადად გაითხარა კრამიტსამარხები, აგრეთვე ორმოსამარხები. კრამიტისამარხები ბრტყელი და ღარიანი კრამიტითაა ნაგები, ზოგს იატაკიც კრამიტისა ჰქონდა. სამარხებში აღმოჩნდა ჭურჭელი, სამკაული, რომაული და პართული მონეტები და სხვა. 1925 წელს კარსნისხევის ბოლოში გათხარეს IV-V საუკუნეების სამაროვანი. ქვიშაქვის დიდი ქვებით ნაგები ქვაყუთები ბანურად იყო გადახურული. სამარხებში აღმოჩნდა სამკაული და ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნივთები.

კარნისხევის სათავესთან, მიწის ზედაპირზე, შეინიშნება შუა ფეოდალური ხანის ნასოფლარი და პატარა ეკლესიები. იქვე, ხეობის მარჯვენა ნაპირას, დადასტურდა მინის საწარმოს ნაშთები.

 

ლიკა მაჩხანელი


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

პოდკასტი