2 აგვისტო წმიდა ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლისა და მისი უწმინდესობის ანგელოზის დღეა

2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია  წმიდა ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლისა და მისი უწმინდესობის ანგელოზის დღეს აღნიშნავს.

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა და მრევლს ილიაობა მიულოცა.

,,იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი!”,– ასე მიმართა პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს სიონის საკათედრო ტაძარში.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პატრიარქს მრევლი შეძახილებით “გვიყვარხარ პატრიარქო” შეხვდა.

,,თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.

თქვენ არაერთგზის აღგინიშნავთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ილია წინასწარმეტყველის მადლი გიცავდათ. დღეს ჩვენ ვფიქრობთ თქვენ მიერ განვლილ სულიერი ცხოვრების გზაზე, თქვენს ღვაწლზე და, ამასთან, თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრება გვახსენდება. საოცარია ღვთისაგან განდგომილ ხალხში ჭეშმარიტი სარწმუნოების დასანერგად მისი თავგანწირული და უშიშარი მსახურება. ასევე ძალზე რთული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ ეკლესიის დევნის შედეგად ღვთისგან დაშორებული ერის რწმენისაკენ შემობრუნება, რაც თქვენ უფლის შეწევნითა და თქვენი მფარველი წმინდანის მეოხებით შეძელით.

მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ მუდამ ვგრძნობთ, თუ რა მძიმეა პატრიარქობის ჯვარი, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ათეიზმის ზეობისა და ეკლესიების ნგრევის ხანაში გარგუნათ და რომელსაც თქვენ 45 წლის განმავლობაში ღვთისადმი დიდი მორჩილებით, ასე უდრტვინველად ატარებთ.

საკუთარი თავის შეცნობა, ანალიტიკური აზროვნება, მოყვასის სიყვარული, შემწყნარებლობა, სიკეთის ქმნა – ეს ის სულიერი, ზნეობრივი და ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პრინციპებია, რომლებსაც თქვენ მუდამ შთაგვაგონებთ და რომლებიც ჩვენი ერის ცნობიერების კეთილგონიერებისკენ წარმართვისა და სულიერი განმტკიცების საწინდარი გახდა.

სასოებითა და სიყვარულით გაჯერებული თქვენი ყოველი ქადაგება დიდი ნუგეშის მატარებელია.

,,ნუ გეშინიათ, საქართველო გამთლიანდება! როგორც განუყოფელია კვართი უფლისა, ისე განუყოფელია საქართველო“, – ხშირად გითქვამთ თქვენ და ეს სიტყვები ყოველი ქართველისთვის ყველაზე დიდ სატკივარში დიდი იმედის მომცემია”,- განაცხადა, ილიაობის დღესასწაულზე მისალოცი სიტყვის დროს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

წმიდა ილია თეზბიტელი- წმინდა ელია თეზბიტელის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ნეტარის ზედწოდება – თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წმინდანმა სიყმაწვილიდანვე ღმერთს მიუძღვნა თავი, უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9).

წმინდა ილიას ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.

წმინდა ილია მართალი- დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია,  ყოველ 2 აგვისტოს იხსენიებს.

ილია ჭავჭავაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.

გადმოცემის თანახმად, „ილიაობა” ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა და, დღესასწაულთან დაკავშირებით, საგურამოს სახლში ყოველთვის ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა.

„ილიაობის” დღესასწაულის ტრადიცია, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, 2014 წელს,  მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. მას შემდეგ, ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილია ჭავჭვაძის მუზეუმში, „ილიაობის” დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება.

 

ლიკა მაჩხანელი


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი