სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს – შოვში მეწყერს ამ დრომდე ებრძვიან

შოვში მეწყერი ჩამოწვა, სტიქიის ზონაში კი ადამიანები არიან ჩარჩენილნი.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც ჩავიდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძის ინფორმაციით, რაჭაში, მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვში“ დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფება.

„ეს ადამიანები ცოცხლები და საღსალამათები არიან. დეტალურად ვერაფერს გეუბნებით. გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ მივდივართ. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.

,,რთულია ადგილამდე მისვლა, რადგან ხიდია წაღებული. სავარაუდოდ, მთებში დაგუბდა მდინარეები: გომბურა და ჭანჭახი, რის შედეგადაც განვითარდა მეწყრული პროცესი, ჩამოიშალა მიწის და ტყის ძალიან დიდი მასა. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები. ფიზიკურად რთულია ადგილამდე მისვლა, რადგან ხიდია წაღებული. დაშავებულების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ამ წუთებში არ ვფლობთ. ფეხით გადავდივართ“, – აცხადებს ონის მერი სერგი ხიდეშელი.

შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.

„მეწყერი ჩამოწვა, უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ დაგვეხმარებიან. სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ ვართ“,- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე .

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

შოვში, 7 ადამიანს კვლავ აქტიურად ეძებენ

რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება

პოდკასტი