გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკაა საქართველოში

გურჯაანის ყველაწმინდა,რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის სახელზეა აგებული, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კილომეტრში, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლის აგების შესახებ წერილობითი წყაროები არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.

როგორც ცნობილია, VII საუკუნის  მეორე ნახევრიდან ქართული ხელოვნების ისტორიაში დაიწყო განვითარების ახალი საფეხური, რომელიც X საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. მას გარდამავალი ხანის ხელოვნება უწოდეს. ეს პერიოდი ხასიათდება სტილისტური მრავალფეროვნებითა და ამ მრავალფეროვნებით გამოწვეული თავისებურებებით, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უნიკალურ ნიმუშებს გვაძლევს. გარდამავალ ხანაში ირღვევა არქიტექტურის კლასიკური ფორმები და იწყება ახალი გზების ძიება. ხშირად ერთმანეთს ერწყმის ორი სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ტიპი. ამგვარი მოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია სწორედ გურჯაანის ყველაწმინდა.

შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას სხვა ქართული ძეგლებისაგან მკვეთრად გამოარჩევს.

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება. ხატი, წლების განმავლობაში, ამ ეკლესიაში ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული.

გადმოცემის მიხედვით, 1615 წლის შემოდგომაზე, შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს, მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე ყოფილა. მან მონასტრის საძმო შეკრიბა და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანეს ძმებისათვის გაუცნია ღვთისმშობლის ნება და ხატი სვეტში დაუმალავს. შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა.

200 წლის შემდეგ, კახთუბნის მონატერში მცირე საძმომ, იღუმენ გაბრიელის წინამძღოლობით, სასულიერო ცხოვრება აღადგინა. 1820-1822 წლებისთვის,  ღვთისმშობლის ხატის ძიება დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მეორე დღეს მამა გაბრიელი მღვდელმსახურებთან და უამრავ მლოცველთან ერთად  წამებულის მონასტრისაკენ გაემართა. კედლის გახსნის შემდეგ, მითითებულ ადგილას იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და კახთუბნის მონასტერში წამოაბრძანეს.

1845 წელს, მონასტერი კვლავ დაცარიელდა, აქაური ბერები ხირსის სტეფანწმინდის მონასტერში, ხატი კი გურჯაანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიტანეს. წელიწადში ორჯერ, ღვთისმშობლის მიძინებისა და ტაძრის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ხატს კახთუბნის მონასტერში მიაბრძანებდნენ, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გურჯაანის ყველაწმინდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში ყოფილა, ხოლო XVII საუკუნიდან თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელოს წარმოადგენდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავად ნოდარ ჯორჯაძეს გადაეცა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტაძრის ძირეული რესტავრაცია და გადაკეთება, XVII საუკუნეშივე.

ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია 1938 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა წარმართა.


გურჯაანის ყველაწმინდის ოსტატი თავისი დროის ნოვატორია, რომელიც არ უშინდება მხატვრული ამოცანის სირთულეს. იგი ერთმანეთს კარგად უთავსებს ტრადიციულ ქართულ ხუროთმოძღვრებას და სიახლეებითაც ამდიდრებს მას. თუმცა ე. წ. „ორგუმბათიანი სისტემა“ ჩვენში არ განვითარდა. მიუხედავად ამისა, გურჯაანის ყველაწმინდა ვაჩნაძიანის ყველაწმინდასთან ერთად შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთგვარი გამონაკლისია და ამასთან, თავისი დროის ნოვატორად გვევლინება.

ამჟამად აღნიშნული ტაძრის ტერიტორიაზე  მამათა მონასტერი მდებარეობს და ღვთისმსახურებაც აღევლინება.

2006 წლის 7 ნოემბერს, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი