გმირი, სახელად გიორგი ანწუხელიძე
სცემეს, აწამეს, დაამცირეს, ფეხებით შედგნენ, მაგრამ კაცობა მაინც ვერ შეულახეს, არც ჯალათების მოთხოვნა შესრულა, მიწისთვის არ უკოცნია. ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა რუსებისა და ოსების ბრბოს სისასტიკეს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა.
15 წლის წინ, აგვისტოს ომის გმირი, რუსმა სამხედროებმა, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, წამებითა და ცემით მოკლეს.
ოკუპანტები მხოლოდ სასტიკ წამებას არ დაჯერდნენ. მათ, სიამოვნების ბოლომდე მისაღებად, ტელეფონით ვიდეოებიც გადაუღიათ, რომელიც უმძიმეს კადრებს ასახავს. ვიდეოები, 2009 წლის იანვარში, ინტერნეტით გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ შედგნენ ფეხებით ზურგზე უმცროს სერჟანტს და როგორ აიძულებდნენ მიწაზე კოცნას.
ბოლომდე მაინც არ დაიხარა, არ დანებდა ჯალათების სისასტიკეს და უკანასკნელ წამამდე, ნაწამები და გაუბედურებული, მაინც ძლიერი იყო. გარშემო კი ბევრი არაკაცი იდგა, რომლებსაც გიორგი ღობესთან ჰყავდათ მიმწყვდეული და ძლიერად ურტყამდნენ.
მათი საუბრიდან ირკვევა, რომ ძირითადად ოსი და ასევე რუსი სამხედროები იყვნენ. ადამიანი, რომელიც უშუალოდ გიორგი ანწუხელიძის დაკითხვას აწარმოებდა, ოსური აქცენტით, ქართულ ენაზე ლაპარაკობდა.
2008 წლის ნოემბრამდე, გიორგი ანწუხელიძე უგზო – უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ის იყო.
გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.
2013 წლის 15 აპრილს, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ, იგი ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“; 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა, სოფელ ქვემო ალვანში კი ქართველი გმირის მემორიალი გაიხსნა. იმავე წლიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების ცენტრი გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს; 2018 წელს, მისი სახელი თუშეთში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოებაზე მდებარე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
ლიკა მაჩხანელი