ჯარისკაცი, რომელმაც გმირის სახელი და საკუთარი სისხლით დაწერილი ისტორია დატოვა
2008 წლის აგვისტოს ომს 100-ზე მეტი გმირი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი 24 წლის ჯარისკაცი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძეა, რომელსაც ოსებმა საქართველოს დროშის შეურაცხყოფა მოსთხოვეს. მათ სასტიკი უარი მიიღეს, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს და დახვრიტეს.
შმაგი სოფრომაძე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ტანკის მეთაური იყო. მას ტყიდან დაჭრილი ჯარისკაცები გამოჰყავდა, როცა ტყვედ აიყვანეს.
შმაგი სოფრომაძის და, უფროსი ლეიტერნატი სოფო სოფრომაძე ამ ამბავს ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს: ,, ერგნეთის მისადგომებთან ტანკი გაუფუჭდა, რის გამოც ცხინვალიდან დაჭრილები თავის მხრებით გამოჰყავდა. ბოლოს დაჭრილი ასმეთაური გამოიყვანა, რომელმაც შმაგის უთხრა გაჰყოლოდა იმ მანქანას, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები ისხდნენ, თუმცა, შმაგი მათ არ გაჰყვა. ისევ უკან შებრუნდა, ტყეში დაჭრილი ბიჭები ისევ იქნებიანო – უთქვამს. სწორედ, უკან შებრუნებული აიყვანეს ჩემი ძმაც. მას სხვა ბიჭებთან ერთად აწამებდნენ, შმაგი ქართულ დროშაზე ფეხით არ შედგა, ის ვერ დააჩოქეს, ამის შემდეგ მოკლეს. სიკვდილამდე საკუთარი ხელით გაათრხევინეს საფლავი, სადაც ის უნდა დაეკრძალათ“.
ქართველ გმირს, როგორც დაკარგულს, 9 აგვისტოდან ეძებდნენ. ოჯახმა მისი ცხედარი დნმ-ის საშუალებით იპოვა, როცა 45 ბიჭი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გადმოასვენეს.
უმცროსი სერჟანტი შმაგი სოფრომაძე, 1983 წლის 5 ივნისს, სოფელ ძევრში დაიბადა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. ქართველ გმირს ორი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.
შმაგი სოფრომაძე ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული. რამდენიმე წლის წინ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიცირებით, მისი სახელი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის სკოლას მიენიჭა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის მემორიალური დაფაც გაიხსნა. თბილისში, ისნის რაიონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სადაც გიორგი ანწუხელიძის ქუჩა მდებარეობს, ქართველი გმირის სახელობის ქუჩაც გვაქვს.