ტაძარი მაღალ კლდოვან კონცხზე, რომელიც უშვილო ცოლ-ქმარს აუგია
საქართველოში 1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარია. მათ შორისაა წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მაღალ კლდოვან კონცხზე მდგარი ეკლესიიდან ულამაზესი სანახაობა იშლება.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია XI საუკუნეში, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. გადმოცემის თანახმად, ტაძარი უშვილო ცოლ-ქმარს აუგია. მათ წმინდა გიორგისთვის თავიანთი საღვთო შრომა შეუწირავთ და შვილიც მისცემიათ.
ეკლესია აგურით, ქვითა და დუღაბითაა ნაგები, ნახევარწრიულ აფსიდში განთავსებულია ტრაპეზის ქვა, საკურთხევლის ნიშა თაღოვანია, კედელზე კი ფრესკაა შემორჩენილი.
რამდენიმე წლის წინ, წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ისტორიული იერსახე შეუცვალეს და კუსტარულად გაარემონტეს. მაშინ ეს ამბავი დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გააპროტესტა და ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვდა. მისი განმარტებით, უკანონო სამუშაოების შედეგად, ტაძარი მთლიანად დაცემენტებულია, უძველესი ფასადი კი განადგურებული.
,,გარეთა ფასადები ახლიდან იქნა ცემენტით გალესილი და შეთეთრებული, დააფარეს ახალი წითელი თუნუქის სახურავი, რომელიც უფრო ჯიხურებს მოუხდება, ვიდრე ეკლესიას, სახეზე გვაქვს ისტორიული ძეგლის მძიმე დაზიანება“,- ამბობდა დეკანოზი.
წლების განმავლობაში წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ტაძარში 40 დღის გოგონა მოინათლა.