ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში
ეს ჩვენი სამშობლოა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში მდებარეობს. ის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში. ბორჯომ- ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს მუნიციპალიტეტს- ბორჯომს, ხარაგაულს, ახალციხეს, ადიგენს, ხაშურსა და ბაღდათს მოიცავს.
საქართველოში გარემოს დაცვის ახალი ეტაპი XIX საუკუნიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს, ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი დაინიშნა, რომელსაც ბორჯომის ხეობა მოსწონებია და აქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაუწყვიტავს. 1871 წელს, რუსეთის ხელმწიფეს, ალექსანდრე II-ს ძმისთვის მთელი ბორჯომის ხეობა უჩუქებია. მალე, მიხეილ რომანოვს ტყის დიდი ნაწილი შემოუღობავს და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აუკრძალავს. 1935 წელს, ამ ადგილას ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა.
1995 წელს კი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით, კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკი შეიქმნა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს, საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ნეძვის აღკვეთილს, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მოიცავს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კავკასიის ეკორეგიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. გამორჩეული ბიომრავალფეროვნებისა და მოწყვლადობის გამო, ეკორეგიონი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 უპირატესი ეკორეგიონის და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაშია შესული. დაცული ტერიტორიები განლაგებულია ცხელი წერტილების – კავკასიისა და ანატოლიის ზღვარზე.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა. აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები და გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს (რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს) უჭირავს. ამასთან, აქ თავმოყრილია წმინდა ნაძვნარებისა და ფიჭვნარების მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული.
ყველა ტყის შემქმნელი წიწვოვანი კავკასიის ენდემია: აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი და კავკასიური ფიჭვი. ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყლებში ქართული მუხა და რცხილა ჭარბობს, ზედა სარტყლებში კი წიფელი. ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი და სხვა. ეს სახეობების სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან.
ტერიტორიაზე აქა-იქ გვხვდება სუბალპური ტანბრეცილი არყნარებიც. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, უხრავი, ჯონჯოლი, აღმოსავლური მუხა და შიშველი თელადუმაც გვხვდება.
აქ ასევე გვხვდება ბუჩქები – შქერი, იელი, წყავი, ჭყორი, კოლხური სურო და სხვა.
ტყე და მაღალმთა განსაკუთრებულად მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი და მოწყვლადი არა მხოლოდ ფლორის, არამედ ფაუნის სახეობებითაც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შესული.
ეროვნულ პარკში, ასევე, 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, რომელთაგან, 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
ტყეში, არაერთ მსხვილ ძუძუმწოვრებს შორის, ასევე ბინადრობს: გარეული ღორი, შველი, მგელი და ტყის კატა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობაც.
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მდინარეებში წყალმცენარეების გარდა მრავალი ჰიდრობიონატია გავრცელებული. მათგან აღსანიშნავია კალმახი, წვერა და ნაფოტა.
პარკში 12 სალაშქრო მარკირებული ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1 დღიდან 5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად.
ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე, კარავში.
ეროვნული პარკის სალაშქრო მარშრუტებზე წასასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრებში- ბორჯომში ან ხარაგაულში.