,,თამარ მამალაძის ნაკვალევზე“-ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ექსპედიციებს ჩაატარებს
,,თამარ მამალაძის ნაკვალევზე“- ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 100-ზე მეტ სოფელში, ექსპედიციებს ჩაატარებს. ექსპედიციების მთავარი მიზანი თამარ მამალაძის მიერ გასულ საუკუნეში ჩაწერილი მომღერლების პირადი მონაცემების დაზუსტება და დამატებითი მასალებისა და ცნობების (ხელნაწერები, ფოტოები, აუდიო ჩანაწერები და სხვა) მოძიებაა.
პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ასევე გეგმავს ღვაწლმოსილი ფოლკლორისტისა და შემკრების მასალის წიგნად გამოცემას, რომელსაც აუდიო მასალაც დაერთვება, ეს კი საზოგადოებას მათზე მაქსიმალური წვდომის საშუალებას მისცემს.
პროექტის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძეა, ექსპედიციის წევრები კი ნანა მჟავანაძე და თეონა რუხაძე.
როგორც ცნობილია, თამარ მამალაძის მიერ გასული საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებული საველე კვლევებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მასალები დღემდე არქივში ინახება და ფართო საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი. მასალა, მისი მასშტაბურობისა (ათასამდე ხმოვანი ჩანაწერი) და მრავალფეროვნების (ექსპედიციები ფაქტობრივად მთელ საქართველოს მოიცავდა) გათვალისწინებით, ძალიან ფასეულია. სწორედ ეს სძენს მისი გამოცემის იდეას მნიშვნელობასა და აქტუალობას.
აღსანიშნავია, რომ, გასულ წელს, სრულად გაციფრდა ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი და აუდიომასალები, მათ შორის მამალაძის არქივი.