პროტესტი, რომელიც The Killers-ის კონცერტს მოჰყვა – რა მოხდა Black Sea Arena-ზე
15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, Black Sea Arena-ზე ამერიკულმა ბენდმა The Killers-მა კონცერტი გამართა. კონცერტის მსვლელობისას, საქართველოში მოწვეული ჯგუფის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელის პროტესტი მოჰყვა. ჯგუფის ქმედებას საზოგადოება შეძახილებით ,,რუსეთი ოკუპანტია“ შეხვდა. მიუხედავად ამისა, დრამერმა ჯგუფთან ერთად კომპოზიცია მაინც შეასრულა, სოლისტმა კი გვასწავლა, რომ მუსიკა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ყველა დები და ძმები ვართ. ამ სიტყვების შემდეგ, დარბაზის ნაწილმა დარბაზი დატოვა, ნაწილმა კი შეძახილები კვლავ განაგრძო.
,,ისე მეამაყებოდა, როცა ახალგაზრდებს ვუყურებდი. ადამიანები, რომლებიც მანამდე ერთობოდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ, საოცარი პროტესტი გამოხატეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, არავის აღარ უნდოდა არც მათი სიმღერა და არც მათი დანახვა. ყველა საამაყოდ მოიქცა. ნაწილი დარბაზიდან გამოვედით,თუმცა ვინც იქ დარჩა, მათ შეძახილებით გააცილეს დრამერიც და ბენდიც. ძალიან კარგი თაობა მოდის“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მსმენელმა.
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena გამოწვეულ პროტესტს ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
,,გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია!”
თავად ბენდმა გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა.
,, საქართველოს კეთილო ადამიანებო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. დარბაზიდან ადამიანების დასარტყამ ინსტრუმენტებზე დასაკრავად მოწვევა ჩვენი დიდი ხნის ტრადიციაა და სცენიდან ისე ჩანდა, რომ დამსწრეთა უმრავლესობას სულაც არ ჰქონდა პრობლემა, თუ ამ კონკრეტულ ადამიანს მოვიწვევდით სცენაზე. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა ვიღაცამ არასწორად გაიგო ჩვენი კომენტარი, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი ერთმანეთის და-ძმები არიან. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ამისთვის ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით“,- აღნიშნულია The Killers-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად, 70 მილიონს ხარჯავს.
ლიკა მაჩხანელი