სტუდენტები ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორის, არქეოლოგ ვაჟა სადრაძის ხელმძღვანელობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, IV-VIII საუკუნეების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის – ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ.

„გურიის რეგიონში, სამი ათეული წელია, არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს. ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ვაშნარს უკავია, სადაც, პერიოდულად, სტაციონარული გათხრები ტარდებოდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვაშნარში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები 2021 წლიდან დაიწყო, სწორედ მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი ვაშნარის ნაქალაქარს ადგილზე გაეცნო და ამ უნიკალური ძეგლით დაინტერესდა. შედეგი სახეზეა – გაიწმინდა სამნავიანი ბაზილიკა, მარტირიუმის ზედა ნაწილი და ციტადელის გალავნის ერთი მონაკვეთი, უკვე შესწავლილია სალოცავ-მარტირიუმი, როგორც ადრექრისტიანული საკულტო ძეგლი, რომლის ანალოგები მხოლოდ სირია-პალესტინაშია აღმოჩენილი, როგორიცაა, მაგალითად: აშური, ხატრა, ბაბილონი და სხვა. ძეგლის კვლევა ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, საფუძვლიანად შევისწავლოთ ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა, რადგან ბაზილიკის, მარტირიუმის, სასიმაგრო სისტემისა და კოშკების გარდა, აქ სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე ნაგებობაა. მათი შესწავლა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს ადრეული შუა საუკუნეების ურბანული განვითარების თავისებურებების, გეგმარების, საგალავნო-დაცვითი სისტემის მშენებლობის სპეციფიკისა და ციხე-ქალაქის ცხოვრების შესახებ”,- აღნიშნავს ვაჟა სადრაძე.

სტუ-ის სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის, არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტ გიორგი კვირკველიას ინფორმაციით, მნიშვნელოვან ექსპედიციაში ჩართვის მიზნით, სტუდენტური არქეოლოგიური ბანაკის მოწყობა თითოეული ახალგაზრდისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და, ამასთან ერთად, სერიოზული გამოწვევაა არქეოლოგის პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების პროცესში.

ვაშნარი IV-VIII საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, თავისი ციხე-ქალაქებით, მოწამის განსასვენებლით – მარტირიუმით, საკათედრო ტაძრით – სამნავიანი ბაზილიკითა და სასიმაგრო სისტემით. ვაშნარი, სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, ქალაქის (სამრეწველო-სავაჭრო) ფუნქციასაც ითავსებდა. კომპლექსში განსაკუთრებულ ყურადღებასმარტირიუმი – მოწამის საფლავზე აგებული საკულტო დანიშნულების ნაგებობა იქცევს. მეცნიერთა ვარაუდით, სამონასტრო კომპლექსმა, VIII საუკუნის შუა წლებში, სავარაუდოდ, მურვან ყრუს შემოსევის შედეგად, ნგრევა განიცადა და ფუნქციონირება შეწყვიტა.


მესხეთის ექსპედიცია -,,კვლევის ცენტრი“ ვანის ქვაბებს ესტუმრა

,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

პოდკასტი