საქართველოს საელჩომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს საელჩომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შესაბამისი განცხადება საქართველოს საელჩოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. მათი განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში იმოქმედებს.
„საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმის შესახებ ასპროპირგოში, ელეფსისში, პლაკაში, დიკელაში, მაკრისში, Nea Chili-ში, ბეოტიაში, კიტნოსსა და იასმოსში.
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:
საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“,- ნათქვამია განცხადებაში.
ბერძნული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრის 7 კერაა. კვამლი კოსმოსიდანაც ჩანს. ტყის ხანძრების გამო, საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრებთან ბრძოლა ალექსადრუპოლის, როდოპის, კავალას ქალაქებთან, ევბეისა და კითნოსის კუნძულებსა და ათენის შემოგარენში გრძელდება, სადაც მიმდებარე სარკინიგზო მაგისტრალია გაჩერებული.
მედიის ინფორმაციით, ალექსადრუპოლოსთან, სადაც ხანძარი მეოთხე დღეა მძვინვარებს, შექმნილი ვითარება კვლავ მძიმე რჩება.
,,მეხანძრეების ძალისხმევის მიუხედავად, ქალაქის რამდენიმე რაიონის მოსახლეობისა და ადგილობრივი საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუირება გახდა საჭირო. პაციენტები გემზე განათავსეს“, – იუწყება ბერძნული მედია.