უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32 წელი შესრულდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მიულოცა.
„ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, თანასწორუფლებიანი ადამიანების დღესასწაულია, ყველასი, ვინც ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმში გამართულ პლატფორმაზე უკრაინელებს მიმართა და ეს დღე მიულოცა.
,, ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა, ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება), აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული.
ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ბათუმში აღნიშნეს. უკრაინელები ბათუმის ბულვარში მდებარე ტარას შევჩენკოს ბიუსტთან შეიკრიბნენ და სიმბოლურად დროშები და სხვადასხვა ისტორიული თემატიკის ნივთები გამოფინეს.
„უკრაინაში ომის შემდეგ, ბათუმში მეორეჯერ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ისტორიული თარიღი, უკრაინის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მასში, უკრაინელებთან ერთად, ადგილობრივებიც მიიღებენ მონაწილეობას”,- განაცხადეს შეკრებილებმა.
დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ-ყვითელ ფერებში განათდა.