მსოფლიო კრიზისების ფონზე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. მისი ბოლო ვიზიტი საქართველოში 7 წლის წინ, 2015 წლის 5-6 ნოემბერს შედგა და მაშინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, ამჯერად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი

ილჰამ ალიევი თბილისში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით 25 ოქტომბერს ჩამოვიდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა, შეიძლება ითქვას, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. როგორც წესი, ასეთი მაღალი რანგის ვიზიტებისას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები წყდება, მით უფრო, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

საინტერესოა რა იყო ამჯერად, ალიევის თბილისში ჩამოსვლის მიზანი?

ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის ომზე, ყარაბაღის ომთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებასა და საქართველოს პოზიტიურ როლზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარის, ნინო სამხარაძის შეფასებით, ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ თავისი რეგიონული და ევროინტეგრაციული ამბიციები წინ წამოსწიოს. ხოლო ფართო ჭრილში მისი მოსაზრებით, ეს ვიზიტი ბაქოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების ინტენსიურობის გაზრდას უკავშირდება.

“თუ კი ჩვენს მეზობელ სტრატეგიულ სახელმწიფოს ფართო თანამშრომლობითი ურთიერთობა ექნება ბრიუსელთან, ამით საქართველოს ენერგეტიკულ როლს ერთი მხრივ ევროკავშირთან და მეორე მხრივ მეზობლებთან გავაძლიერებთ, რითაც პრაგმატულ სარგებელს მივიღებთ“, – ამბობს პოლიტოლოგი.

ნინო სამხარაძის მოსაზრებით, ამ კონკრეტულ ვიზიტამდე, საქართველო რეგიონში ინერტულ როლს თამაშობდა, მათ შორის, ყარაბაღის გააქტიურებულ კონფლიქტშიც. აქედან გამომდინარე, პროცესში, მთავრობის მხრიდან მეტი აქტიურობა იყო აუცილებელი.

მისი აზრით, მას შემდეგ, რაც ალიევმა თავად გამოთქვა რეგიონში საერთო პლატფორმების ჩამოყალიბების ინიციატივა, გამოიკვეთა საქართველოს, როგორც ლიდერის როლი. იგი ფიქრობს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განაწილდება. შედეგად, ორი ქვეყნის მეთაურების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შეგვიძლია გამოვყოთ საქართველოსთვის ალიევის ვიზიტის პოლიტიკური და ენერგეტიკული მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე. მისი თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს შორის ტვირთბრუნვა 75%-ით გაიზარდა, ამიტომ ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ ტვირთბრუნვისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პორტების გამოყენება. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 157 გეგავატის ოდენობით ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს. ალიევს კარგად აქვს გააზრებული საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და სურს, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს, კერძოდ, საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-სუფსის ტერმინალით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.

ცნობისთვის, ვინაიდან ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში პირადად ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. აზერბაიჯანი მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობის გაორმაგებას გეგმავს.  22 მლნ კუბური ბუნებრივი აირის გამტარი კი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენია. საქართველო სარგებლის სახით გატარებული გაზის 5%-ს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გაზის გატარების საფასურს ან თანხობრივად გადაუხდიან ან თავად გაზს შედარებით იაფად შეიძენს. ეს კი საქართველოს მიერ გაზის იმპორტის ჩანაცვლების შანსს ზრდის.

ბაქო-ბრიუსელის შეთანხმების დროს, ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა, ვინაიდან ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლებამ არ გამოიყენა ის შესაძლებლობების ფანჯარა და ბენეფიტები, რომლითაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება იქნებოდა მიღწეული. თუმცა ვხედავთ, რომ ენერგეტიკაზე სასაუბროდ საქართველოში თავად ალიევი ჩამოვიდა.

 

ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთაში

 

მედია სააგენტო “24”-ის კითხვაზე, მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, საქართველოს უფრო სჭირდება აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება, თუ პირიქით, პოლიტოლოგმა ნინო სამხარაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელშია ყველა ის ენერგო რესურსი, რომლითაც მთელი რეგიონი ევროკავშირს უკავშირდება, ამიტომ საქართველოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს აზერბაიჯანის როლის წინ წამოწევა, ვიდრე პირიქით.

მისი შეფასებით, საქართველო მრავალი წელია ცდილობს თავისი სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა წარმოაჩინოს, თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში, მაგრამ სანამ აზერბაიჯანმა არ მოისურვა საკუთრივ თავისი როლი გაეაქტიურებინა და ბუნებრივი აირი მიეწოდებინა ევროკავშირისთვის, მანამდე ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივა ვერ შედგა.

როგორც ვხედავთ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაიზარდა აზერბაიჯანის როლი, როგორც საკვანძო მოთამაშის. ამდენად, სამხარაძის თქმით, ალიევის სურვილი ითანამშრომლოს ევროკავშირთან ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მცდელობები ამ თვასაზრისით.

რაც შეეხება ვიზიტის მეორე, პოლიტიკურ მხარეს, ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას ილჰამ ალიევმა  განაცხადა, რომ შესაბამისი კონსულტაციები და კონფლიქტის გადაჭრის გზები, სწორედ აზერბაიჯან-საქართველო-სომხეთის ფორმატის ფარგლებში უნდა იყოს განხილული.

საუბარი შეეხო პრაღის სამიტს და ილჰამ ალიევის ინიციატივას, სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას ერთობლივი სამმხრივი ფორმატის მექანიზმი. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ცენტრი გახდა. პრაღაში მხარეები სომხეთის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ორი თვით განთავსებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის 40-კაციანი სამოქალაქო მისია, სომხეთში, საქართველოს გავლით ჩავიდა.

“იქმნება ახალი  რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ… ჩვენი მოძმე ერის ინტერესები ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებზე უნდა იყოს აწყობილი, რომ მსოფლიოს სარგებელი მოუტანოს და კავკასიაში მშვიდობამ დაისადგუროს“, – განაცხადა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისას ილჰამ ალიევმა.

თავის მხრივ, საინტერესო განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც. ის ილჰამის მამას, აზერბაიჯანის აწ გარდაცვლილ ყოფილ პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევს დაესესხა და თბილისში ვიზიტისას უფროსი ალიევის მიერ წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა, – აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონია, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების და მჭიდრო ურთიერთობის შესაძლებლობაო, – ღარიბაშვილის მოსაზრებით, წინაპრებმა ამ ბედნიერების ნაყოფი უკვე ნახეს და აუცილებელია ამას მარადიული სიცოცხლე მომავალ თაობაშიც მიენიჭოს.

სამწუხაროდ, საქართველოს სახელისუფლებო ინსტიტუტებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება თვით ოფიციალური ვიზიტების დროსაც, არც თუ სასიამოვნო ფორმით იჩენს ხოლმე თავს. როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო სტატუსის მიხედვით ალიევის ქართველი კოლეგა. ამიტომ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევის თბილისში ხელმეორედ დაპატიჟების სურვილი გამოთქვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის “სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება”. 

საინტერესოა, ხომ არ უკავშირდება ეს დავით გარეჯის თემას?

სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის 20 აპრილს, დავით გარეჯში იმყოფებოდა, სადაც ძეგლის აღდგენის მნიშვნელობასა და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დროულად დადგენის საკითხზე ისაუბრა. ზურაბიშვილი ამ თემას 2019 წლის 27-28 თებერვალს, ბაქოში ვიზიტის დროსაც შეეხო. პრეზიდენტის მაშინდელ განცხადებას დაემთხვა დავით გარეჯთან აზერბაიჯანული მხარის გააქტიურება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და იქ სასულიერო პირებს აღარ უშვებენ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავით გარეჯის თემასთან კავშირს ვერ ხედავს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ნინო სამხარაძე. მისი აზრით, პრეზიდენტის არაინფორმირებულობა უკავშირდება არა დავით გარეჯის სენსიტიურ თემას, არამედ ქვეყნის შიგნით, ინსტიტუტებს შორის დაპირისპირებას.

“პრეზიდენტს შეეძლო, ჰიპოთეტურად მთავრობასთან იმ თემების შეთანხმება, რაზეც კონკრეტულ ქვეყანას, კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოელაპარაკებოდა“, – ამბობს ნინო სამხარაძე.

მისი თქმით, ეს ფაქტი მიუთითებს ინსტიტუტების ჩანასახოვან კრიზისზე, რაც სახელმწიფოს პოლიტიკური იმიჯისთვის სასარგებლო არ არის.

ფაქტია, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. უკრაინის ომის ფონზე, როდესაც რუსეთის ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე “მოდუნებულია” და აქ დასავლეთის გავლენა ძლიერდება, მნიშვნელობას იძენს ის ენერგო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს. ამას ემატება საქართველოს მედიატორული როლი ყარაბაღის კონფლიქტში, ვინაიდან საქართველოს სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოსთან პარტნიორულ-მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ნინო სამხარაძის შეფასებით, ამ მაღალი დონის ვიზიტს ორი ძირითადი ხელშესახები შედეგი ექნება. პირველი, ის რომ მას მოჰყვება უფრო კონკრეტული და პრაგმატული შეთანხმებები. მაგალითად, აზერბაიჯანის მიერ  ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების პროცესში თუ, როგორ უნდა ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტები.

მისი თქმით, ვინაიდან ეს ვიზიტი ორივე ლიდერის, როგორც პრემიერ ღარიბაშვილის, ისე პრეზიდენტ ალიევის ინიციატივით შედგა, რეგიონში სამმხრივი ფორმატების შექმნა უფრო რეალისტური გახდა. ამიტომ, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ამისთვის ორივე მხარე პოზიტიურად იქნება განწყობილი.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ფოტოასლები დაათვალიერეს, რომლებშიც ასახულია აზერბაიჯანელთა სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა და ხელოსნობა. აღნიშნული კოლექციის შეგროვება საქართველოში 1852 წელს თბილისში დაარსებულ კავკასიის მუზეუმს უკავშირდება.  ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, „შატო მუხრანში“ გაიმართა.

ავტორი: ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი