ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა
როგორც ცნობილია, საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება. ამ დრომდე, დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განაწილებული.
ცვლილების ამოქმედების შემდეგ, 6 სექტემბრიდან, მოქალაქეების კუთვნილი თანხები მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში გადანაწილდება. საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულებს, საინვესტიციო კატეგორიების შეცვლის უფლება წელიწადში ერთხელ ექნებათ.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ადამიანებს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
“მიზანი არის მოსახლეობის აქტივების და შემოსავლის მაქსიმალური მონაგების უზრუნველყოფა. ნებისმიერ დროს, ადამიანს შეეძლება მიიღოს საინვესტიციო გადაწყვეტილება, ასაკს არ ექნება მნიშვნელობა. ადამიანებს, ასევე შეეძლებათ მათივე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც”, – განაცხადა შეხვედრაზე ნიკოლოზ გაგუამ.
საპენსიო სააგენტოს უფროსი, საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე კი აცხადებს, რომ ინვესტიციები დაცული იქნება და მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ მსხვილ აქციებში.
“ეს არის საუკეთესო პრაქტიკა. მონაწილე, რომელიც, ბოლო 5 წელი, ინვესტირებულ სტაბილურ პორტფელში იყო, მას მიეცა არჩევანის საშუალება. მაღალრისკიანი პორტფელი არის ის, რომ მონაწილეების ინვესტიცია არ მოხდება რისკიან საქმეებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა, ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი, ლუი ვიტონი და ა.შ. ის, რომ რამე დაიკარგება, ეს არის მცდარი ინფორმაცია,” – განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აქტივების მმართველი თავად შეარჩიოს. მისივე თქმით, მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს თავის საინვესტიციო გადაწყვეტილებას.
„ დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის პიროვნების, მონაწილის დანაზოგი, მათი საკუთრება და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილეს ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დაიწყო მიმდინარე თვეს, როდესაც პორტფელების არჩევა შეუძლია მომხმარებელს, ხოლო, დაახლოებით 1 წელში, შესაძლებლობა ექნებათ აქტივების მმართველი თავად შეარჩიონ“, – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.
როგორც მან განმარტა, გარე აქტივების მმართველების დაშვება მოხდება ეროვნული ბანკის მიერ. ასევე, კანონი განსაზღვრავს, რომ ეროვნულმა ბანკმა გასცეს გარე საინვესტიციო აქტივების დაშვების უფლება.
„ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ საინვესტიციო აქტივების მმართველის გამოცდილებას, მის შესაძლებლობას, რათა ეფექტურად მართოს საპენსიო აქტივები. აქტივების მმართველი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე. აღნიშნული კრიტერიუმები განსაზღვრულია. აქტივების მმართველის შერჩევა იქნება საკმაოდ კონსერვატიული, შევეცდებით ისეთები შემოვიყვანოთ, რომელსაც მაღალი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნა გაგუამ.
,, მზარდ პორტფელში იქნება ქართული სახაზინო ობლიგაციები და ქართული საბანკო დეპოზიტები პორტფელის 45%. უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეების დანაზოგები არა მხოლოდ ამ საინვესტიციო პორტფელების დონეზე, არამედ საქართველოს კანონით რეგულირდება. საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
მონაწილეები კითხულობენ, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ეს ყველაფერი არ დაიკარგება?! გოგა მელიქიძის თქმით, გარანტია არის კანონი, რომელიც მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს იცავს. ეროვნული ბანკი და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო ამ ყველაფერს საკმაოდ მკაცრად და ჯეროვნად არეგულირებს და ზედამხედველობს. მისივე განმარტებით, აქტივების მართვას და ხალხის დანაზოგების გააზრებას გარკვეული დრო დასჭირდება.
„ეს სექტორი არის ახალი – ფასიანი ქაღალდები და აქტივების მართვა, ეს ერთ ღამეში ვერ იქნება გასაგები ყველასთვის, ამას დასჭირდება დრო“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დრომდე საინვესტიციო სამსახურმა 680 მილიონი ლარის საინვესტიციო მოგება უკვე დაარიცხა მოქალაქეთა შენატანებს, რაც 52%- წარმოადგენს და, ინფლაციის გათვალისწინებით, ანალოგიურ პერიოდზე, მომგებიანობამ 12%-ს გადააჭარბა. უკვე გაცემულია 5,000-მდე მონაწილეზე 13 მლნ ლარზე მეტი პენსია.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა მონაწილეს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი საპენსიო აქტივები, დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში, 2023 წლის 6 სექტემბრამდე გაანაწილოს.