საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზებას იწყებს. „საქართველოს მეფეების“ საკოლექციო მონეტების სერიისათვის შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც, ქვეყნის ისტორიისთვის, გარდამტეხი აღმოჩნდა.

„სერია ხაზს უსვამს ქვეყნის სოციო-პოლიტიკურ, თუ ისტორიულ კონტექსტს და იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც, სხვადასხვა დროს, ქვეყნის განვითარების ხაზი რადიკალურად შეცვალა. 2020 წლიდან დღემდე, ,,საქართველოს მეფეების” სერიის ფარგლებში გამოშვებული საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტები  ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ვახტანგ გორგასალსა და გიორგი ბრწყინვალეს მიეძღვნა. ამჯერად კი, ეროვნული ბანკი  ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე ბაგრატ მესამისა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე გამოუშვებს, რითაც აღნიშნული სერია სრულდება”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაგრატ მესამე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფეა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაერთიანება და განვითარებული შუა საუკუნეების ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

მეფე ფარნავაზ I, საქართველოს ისტორიაში, ასევე გამორჩეული ღვაწლის მქონე მონარქია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოს. ფარნავაზ I-მა დამპყრობლებისაგან ჯერ მცხეთა გაათავისუფლა, შემდეგ კი  საქართველოს დანარჩენი ტერიტორიები შემოიერთა.

2023 წლის 14 სექტემბრიდან,  მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში დაიწყება, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში. მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისათვის.

 


ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

რამდენ საუკუნეს ითვლის ქართული ნუმიზმატიკა

ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტი საქართველოში

პირველი საფულისა და მრგვალი ფორმის მონეტების ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება

პოდკასტი