28 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს

,,გადიდებთ შენ ყოვლადწმინდაო დედაო ქრისტეს ღვთისა ჩვენისაო და ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ”.

 

დღეს, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო  ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­ულს – მა­რი­ა­მო­ბას აღნიშ­ნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“.

 

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი, ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა:

„გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“.

ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

ამ დროისათვის, მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე, ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულებმა მოუთხრეს, თუ როგორ იყვნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც, თავისი მოწაფეების თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ, წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს, ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას, საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა. იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.

 

 


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი