შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში, მომლოცველებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებსაც შეეხებათ.
„ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდება. უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებებს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. ამ ეტაპზე, დაცლის საშიშროება ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის“, – განაცხადა ოთარ ქურციკიძემ.
პირველ ეტაპზე, შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება.
„აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა, ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.
გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნულმა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი“,- აღნიშნა ოთარ ქურციკიძემ.