შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში დასრულდება

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, სამუშაოების წარმოების დროს, ადგილზე ხალხის გადაადგილება სასურველი არ არის, რადგან ტექნიკა საკმაოდ დიდ სამუშაოებს ახორციელებს.

„გუშინ დილიდან იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეისწავლეს, თუ რა ტექნიკით და როგორ უნდა განხორციელებულიყო სამუშაოები. გუშინვე მოხდა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება. ყველა შესაბამისი უწყება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან, აქტიურად იყო ჩართული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიის გაწმენდა. თუ შემდგომი რეკომენდაცია იქნება ან განმეორებით ჩამოვა ნაშალი, ტექნიკა ადგილზე რჩება და დამატებით გაიწმინდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მომლოცველებისა და ტურისტების გადაადგილება სასურველი არ არის, რადგან ტექნიკა საკმაოდ დიდ სამუშაოებს ახორციელებს“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას.

 

ლიკა მაჩხანელი