ხიხანის ციხის დალაშქვრა უსაფრთხო ტურისტული ბილიკით იქნება შესაძლებელი
ხიხანის ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება. ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური. ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით განხორციელდა, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის. ტურისტებს ახალი, უსაფრთხო, ეკოლოგიური და გარემოსთან ადაპტირებული ბილიკით სარგებლობა სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ.
ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობითა და იერსახით, ასევე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ახალი ბილიკის მოწყობამდე ასვლა მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით იყო შესაძლებელი.
პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.