სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანის სამარხი აღმოაჩინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში, ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ძვ.წ. XVIII -XVII საუკუნის ყორღანული ტიპის სამარხი იპოვეს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ჯგუფმა, გიორგი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, უნიკალური არტეფაქტები, პროგრამის: ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ ფარგლებში აღმოაჩინეს.

გათხრების შედეგად, სამარხში ოთხთვალა ურემი და  ორი ხარის თავია ნაპოვნი, რომელიც, ისტორიის თანახმად, კავკასიის რეგიონისთვის არ არის დამახასიათებელი და ის წმინდა რიტუალურ დანიშნულებას ატარებს. არქეოლოგების განმარტებით, ეს აღმოჩენა შუა ბრინჯაოს ხანაში საზოგადოების განვითარების მაღალ დონეზე, ცივილიზაციის ფართოდ გავრცელებასა და რეგიონის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

მათივე განცხადებით, აღმოჩენა უნიკალურია იმ მხრივ, რომ შიდა ქართლის რეგიონში, 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის ასეთი შენახული და დიდი ზომის სამარხი პირველადაა აღმოჩენილი.

„ორი ხარი არის ჩატანებული ოთხთვალა საზიდრიანად (დასაკრძალავი ეტლი), რომლის დანიშნულებაც ტომის წარჩინებული წევრის საიქიოში მოგზაურობაა. საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელში, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობი პროდუქტები იყო მოთავსებული. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით,  და სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთებიც. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში დაკრძალული უნდა იყოს ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს. ამ ეტაპზე, ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, რას მოგვცემს მათი აღდგენა. აღდგენის გარეშე ძალიან ძნელია რაღაცაზე ვილაპარაკოთ. შიდა ქართლში  მსგავსი სამარხი არასდროს აღმოჩენილა“,- განაცხადა მეცნიერმა გიორგი მინდიაშვილმა.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს დაიწყო. გათხრების პირველ ეტაპზე, არქეოლოგებმა შუა ბრინჯაოს ხანის მიცვალებულის ნეშტს მიაკვლიეს. გათხრების დაწყების საფუძველი ადგილობრივის მიერ სხვადასხვა სახის არტეფაქტების აღმოჩენა გახდა.

პროექტი კულტურის სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდა.

 

ლიკა მაჩხანელი

 


მესხეთის ექსპედიცია -,,კვლევის ცენტრი“ ვანის ქვაბებს ესტუმრა

,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს

პოდკასტი