ქართული ვაზის ჯიშები იტალიაში – პომპეის არქეოლოგიურ პარკში ექსპერიმენტული ვენახი გაშენდება

პომპეის არქეოლოგიურ პარკში  მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. პროექტის „ანტიკური პომპეის ყოფა-ცხოვრებისა და ღვინის შესახებ“ ფარგლებში,  სამეცნიერო კონფერენცია და ქართული და იტალიური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია ჩატარდა.

ღონისძიებაზე, პარკის ადმინისტრაციას, ქართული ვაზის ჯიშებისგან ექსპერიმენტული ვენახის გაშენების მიზნით, შესაბამისი ნერგები გადაეცა.

იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, მოწვეულ სტუმრებს, საქართველოსა და იტალიას შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო კავშირებსა და ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დავით მაღრაძემ.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძეც.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, იტალიის სახელმწიფო ინსტიტუციების, სამეცნიერო და ბიზნესწრეების, მედიის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სომელიეები ესწრებოდნენ.

 

ლიკა მაჩხანელი