წილკანში ჰიდროპონიკის ტექნოლოგიით აღჭურვილი სათბური გაიხსნა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა. ახალი სათბური, ჰიდროპონიკის ტექნოლოგიითა აღჭურვილი და მისი საერთო ღირებულება 95 000 აშშ დოლარია. ჰიდროპონიკის სისტემა სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანას ითვალისწინებს. პროექტი ისრაელის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა.
„სათბური საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ფერმერებმა ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის მეშვეობით პროდუქციის წარმოების შესახებ მეტი ცოდნა მიიღონ, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობასა და უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს “, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სათბურის გახსნისას.
ორი ქვეყნის თანამშრომლობის გრძელვადიანი პროექტის მიზანი, მთელს რეგიონში, სადემონსტრაციო ჰაბის ჩამოყალიბებაა, სადაც აგრონომები და ექსპერტები ისრაელიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტებისა და დაინტერესებული ფერმერების გადამზადებას შეძლებენ.
„დღეს ჩვენ გავხსენით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სათბური. MASHAV-ი არის პროგრამა თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების, თანამედროვე ტექნოლოგიებში. ჩვენ აღვნიშნავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რომელიც 2600 წელს ითვლის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვიმუშაოთ ერთად უკეთესი მომავლისთვის. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ აქ დღეს ვაკეთებთ“, – განაცხადა ისრაელის ქსენეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ.
MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1992 წელს, საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა. დღემდე, საქართველოსა და ისრაელში, MASHAV-ის პროფესიული ტრენინგ კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.