უკანონოდ დარეგისტრირებულ სახელმწიფო მიწებზე ამნისტია გამოცხადდება
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონოდ დარეგისტრირებული მიწების თემას შეეხო. მისი განცხადებით, წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაირეგისტრირეს, რაც, რეალურად, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. დღესდღეობით, ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მსგავს საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს. მისი განმარტებით, ამნისტიის შედეგად, მოქალაქეებს შეეძლებათ დააბრუნონ მიწის ნაკვეთები, ან გადაიხადონ მისი საფასური.
,,ჩვენ კონსულტაცია გვქონდა პროკურატურასთან, პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ ასეთ საქმეებზე ამნისტია გამოვაცხადოთ. ამნისტია გავრცელდება სსკ-ის 180-ე და 662-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრის, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. აქვე უნდა განვმარტო, რომ ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რეზო ჯაველიძეს, რომ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია, რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია.
მისი განცხადებით, პროექტი უკვე მომზადებულია, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.