საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა ისევ ჩამოიშალა?!
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე, მიმდინარე სამუშაოების დროს, დაბზარული გზის ჩამოშლა ხელოვნურად მოხდა. როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, მიწის მცირე მასა ჩამოიშალა. უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლში ხორციელდებოდა. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად, უწყებამ გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოფილი ყოფილიყო.
ამ დროისთვის, გზა ჩაკეტილია და გზაზე მხოლოდ სასწრაფო დახმარების ავტომობილების გატარებაა შესაძლებელი. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილიდან, სამუშაოების დაწყებამდე, თავად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება.