ვის მფლობელობაში იყო ნოღას ციხე?
ნოღას ციხესიმაგრე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში, ყველაზე შემაღლებულ ადგილას მდებარეობს.
ნოღას ციხეს XVI–XVII საუკუნეებს მიაკუთვნებენ. იგი ჯერ ჯაიანების, შემდეგ კი დადიანების მფლობელობაში იყო. ციხე ელიფსური ფორმის ორმაგი გალავნისა და ოთხი კოშკისგან შედგება. კოშკების სიმაღლე 10–12 მეტრს აღემატება, მათ შორის მანძილი კი, დაახლოებით, 2 მეტრია. ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კოშკები წრიული გეგმისაა, სამხრეთისა კი – კვადრატული. ციხე სხვადასხვა ჯიშის ქვის შერეული წყობით, კირის დუღაბზეა ნაგები.
2015–2019 წლებში, ციხეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და ამჟამად აღდგენილია.