“ქართული ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანია” : ჯუანშერ ბურჭულაძე

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და ახალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძლიერი რეზერვის მოდელზე დაიწყო მუშაობა.

მოდელი, რომლითაც საქართველო მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე, ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითზეა შექმნილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მოსაზრებით, ახალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთებისა და ჯარის პოპულარიზაციის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რის გარშემოც მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ამ თვალსაზრისით გამოყოფს პროექტს “ჩვენი ჯარი”, რომელიც  მომავალ თაობაში პატრიოტული გრძნობის ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს, 2022-2023 სასწავლო წლიდან კი, კვლავ განახლდა.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, მასობრივი წინააღმდეგობისა და ჯარის დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხედრო სამსახური მეტად პოპულარული გახდეს.

„ჯარი დედაქალაქის ცენტრშიც კი, პოპულარული უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავანგრიოთ კომუნისტური თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მიისვე ინფორმაციით, 2023 წლიდან თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც ქართული ჯარის გაძლიერებასა და განვითარებას მოხმარდება.

 

ქართული ჯარის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, თავდაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის – „ჩვენი ჯარი“, ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავად მინისტრი ხვდება. ასე მაგალითად,  თბილისის N67 საჯარო სკოლის  მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის  ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად ესტუმრა.

შეხვედრაზე სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ეროვნულ გმირებზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სამხედრო განათლებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჯარი გახდეს თქვენთვის უფრო ნაცნობი და საყვარელი.“ –  აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი