გახდება თუ არა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. დაზღვევის ფარგლებში, დაზარალებული ადამიანების ბოლომდე დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდება. ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას თქმით, პარლამენტში კანონპროექტი ჯერ შეტანილი არ არის,  თუმცა ის საშემოდგომო სესიებზე ოფიციალურად გადაიგზავნება და ამ პროცესს სამოქალაქო ორგანიზაციებიც დაესწრებიან.

„გარკვეული პროექტები შეიქმნა, თუმცა ყოველთვის შუა გზაზე ჩერდებოდა. ასოცირების შეთანხმება იმ დირექტივებს ითვალისწინებს, რომელიც აუცილებელია, რომ საქართველოშიც იყოს იმპლიმენტირებული. ქვეყნების უმეტეს ნაწილში სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არსებობს, საქართველო კი გამონაკლისი იყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც ძალიან ცუდია. როდესაც საგზაო შემთხვევები ხდება, დაზარალებულები, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები, პენსიონერები და შშმ პირები არიან, სადაზღვევო კომპანიების მიერ საგზაო შემთხვევების დროს ანაზღაურება კი არ ხდებოდა.

ძალიან ბევრი ინციდენტი იყო, ხშირად ბრალეული მხარე ვერ მტკიცდებოდა. ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული იყოს. იმის გამო, რომ მძღოლს თანხა არ აქვს, მკურნალობის ხარჯები გადაიხადოს, ვიღაც არ უნდა კვდებოდეს და ზიანდებოდეს. ამიტომ, ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დაეზღვიოს“,- აღნიშნა ირაკლი იზორიამ.

გარდა ამისა, ირაკლი იზორიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, შესაძლოა, ზამთარში, ცალკეულ ზონებში, გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავები, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო  გახდეს.

„იყო შემთხვევები, როდესაც ავტომობილები მაღალმთიან რეგიონში ვერ ადიოდნენ. ამის გამო, მაღალმთიანი რეგიონები ჩახერგილი იყო და საგზაო მოძრაობის წესების გაკონტროლება საპატრულო პოლიციის მიერ ხდებოდა. თუ ავტომობილს ექნება ზამთრის საბურავი და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, ამ შემთხვევაში, პატრული  კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილებას დაუშვებს, იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი გამართული არ იქნება, პატრულს კანონმდებლობით ექნება უფლება, რომ ავტომობილს გზის გაგრძელების ნება არ დართოს“,- აღნიშნა ირაკლი იზორიამ.


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო- რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას გაფრთხილების გარეშე შეძლებს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

კულტურის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პოდკასტი