სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. შესაბამისი ინიციატივის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, რომელთა დავალიანება, ჯამში, 40 მლნ ლარს შეადგენს.
„სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მოვისმინე. დაახლოებით, 30 ათასამდე სტუდენტს, ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი, ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა იმ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, დავალიანება გაუნულდებათ. თითოეულ მათგანს შეეძლება აღადგინოს სტატუსი და გააგრძელოს სწავლა. მინდა მივმართო განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და აღნიშნული საკითხი სასწრაფოდ მოგვარდეს. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალება კვლავ მიეცეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.