21 სექტემბერი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია

“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”

21 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა.

შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები; ისინიც, მართალია, ამ სენით არიან დაავადებულნი, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.

იმედი და რწმენა ღვთისა მიემადლოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა მოზარდსა და მათი ოჯახის წევრებს, საერთოდ, განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ბოროტისგან დაიცვას და თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს“, – ასე მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მრევლს.

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს ხანდაზმულობამდე შვილი არ უჩნდებოდათ, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმაც კი დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.

ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა. გავიდა ხანი და მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მარიამი უწოდეს.

მართალი იოაკიმე და ანა ეკლესიის მიერ ,,მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

,,ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს, რადგან, გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი