მსჯავრდებულები ტურისტული მეგზურისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიას დაეუფლებიან
მსჯავრდებულები ტურიზმის სფეროში ექსკურსიის მოწყობის, ტურისტული ჯგუფების გაძღოლის, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ტურიზმის/მოგზაურობის ინდუსტრიის მიმართულებით გადამზადდებიან. ტურისტული მეგზურისა და ბუღალტრული აღრიცხვის მოკლევადიან კურსებს, პირველ ეტაპზე, N16 პენიტენციური დაწესებულების 30 მსჯავრდებული გაივლის.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულები ახალი, რეგიონალურ სპეციფიკაზე მორგებული ტურისტული პროდუქტების შექმნასა და მართვას შეისწავლიან, გათავისუფლების შემდეგ კი ქართულენოვანი ტურისტული მეგზურის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი კურსი ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულები ბუღალტრული აღრიცხვის სამ პროფესიულ მოდულს გაივლიან. სასწავლო კურსის მონაწილეები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სასწავლო პროგრამებს კოლეჯ „მოდუსთან“ თანამშრომლობით ახორციელებს. სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულები ფინალურ დავალებებს შეასრულებენ, რომლის საფუძველზეც მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.