ეროვნულ არქივში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
ეროვნულ არქივში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა − ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების წახალისებაა.
წლევანდელი, რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილეს ეძღვნება. ამდენად, მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებზე ცალკე სექცია იმუშავებს. თემატურ სესიებზე კი ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტუროლოგიის, ციფრული არქივებისა და მონაცემთა ბაზების, კონსერვაცია-რესტავრაციის აქტუალური საკითხები იქნება განხილული.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა და მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმაც.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა − ტენდენციები და გამოწვევები“ 2016 წლიდან ტარდება.