სპეციალური პრიზი თბილისის მუზეუმების გაერთიანებას

2023 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქ ტიმიშოარაში, ევროპის მუზეუმების აკადემიის (EMA) კონფერენცია მუზეუმების აკადემიის ყოველწლიური კონკურსის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. ევროპის მუზეუმების აკადემიის 2023 წლის კონკურსის სპეციალური პრიზი თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მიიღო. კონფერენციაზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება  თბილისის მუნიციპალიტეტის განახლებული მუზეუმებით, საგამოფენო მუზეოგრაფიითა და საგანმანათლებლო მიმართულებით იყო წარდგენილი.

EMA-ს 2023 წლის კონკურსი ხელოვნების მუზეუმის ჯილდოს, DASA-სა და Luigi Micheletti-ს პრემიებს მოიცავს. 2023 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით,  სამი პრემია და ორი განსაკუთრებული პრიზი გაიცა. 2023 წლის ხელოვნების მუზეუმის ჯილდო  S.M.A.K – ბელგიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს მიენიჭა; 2023 წლის DASA – პრემია  უნგრეთის ფულის მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრს გადაეცა; 2023 წლის ლუიჯი მიკელეტის პრემია კი დანიის ლტოლვილთა მუზეუმმა მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, ევროპის მუზეუმების აკადემიამ  ორი განსაკუთრებული პრიზი გასცა, რომლებიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და კიევის მეორე მსოფლიო ომის ეროვნულ მუზეუმს ერგო.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება, თავისი კოლექციებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და აქტივობებით  ვიზიტორებსა და დამთვალიერებლებს შთააგონებს დაფიქრდნენ ისტორიულ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე. გამარჯვებული მუზეუმი, ისტორიისა და კოლექციების გამოყენებით, სამუზეუმო ქსელს ქმნის და  საზოგადოებას თანამედროვეობასთან აკავშირებს, ასევე, ცოდნის გამომუშავების კრეატიულ მიდგომას აჩვენებს და წარმოდგენილ მუზეუოგრაფიაში, ინტერპრეტაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ, რთულ გეოგრაფიულ და ისტორიულ კონტექსტს ითვალისწინებს.

რაც შეეხება ევროპის მუზეუმების აკადემიას, 2009 წელს, მუზეოლოგის, კენეტ ჰადსონის სახელის პატივსაცემად დაფუძნდა და მასში გაერთიანებულია სამუზეუმო საქმის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ევროპის მუზეუმთა ხელმძღვანელები, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის თეორეტიკოსები, კურატორები და სხვა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (NEMO) წევრი მიმდინარე წლის სექტემბრიდან გახდა. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია, ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს. მთლიანობაში, NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30 000-ზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ მათი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მცველების მისიის შესრულებასა და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში.


ეროვნულ არქივში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა

კონფერენციას „ქალები ინოვაციაში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

პოდკასტი