26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

,,დიდებულებაი საწუთოისაი მოიძულე, დედუფალსა ცათა და ქვეყანისასა ეზიარე, დედუფალო ქეთევან, ხორცნი მოიწვენ სიძისა შენისა ქრისტესათვის. მას ევედრე მონათა შენთა ქართველთათვის!”

26 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრანბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.

ირანში მძევლად მყოფ ქეთევან დედოფალს შაჰ-აბას I-მა იმამყული-ხან უნდილაძის პირით შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა და მას ცოლად გაჰყვებოდა, შეიწყნარებდა, თუ არადა, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა უარი განაცხადა, რის გამოც, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს, შირაზში იგი უსასტიკესად აწამეს. მიუხედავად ამისა, დედოფალმა ქრისტიანობა მაინც არ უარყო.

როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ, ქეთევანს მოუთხოვია დრო, რათა საკუთარ სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ იგი გაიყვანეს შირაზის მოედანზე, გააშიშვლეს და ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს მკერდი და  ძირს დაცემულს გახურებული ნიჩბით გაუპეს შუბლი.

დედოფლის წამებას კათოლიკური ორდენის წარმომადგენლები, ავგუსტინელები და პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში შეესწრნენ.

 ამბროზიო დუშ ანჟუში 1618 წლიდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა. დასჯიდან რამდენიმე თვეში, დედოფლის საფლავი სწორედ მან აღმოაჩინა. მისი გადმოცემით, „როგორც კი ქეთევან დედოფალს სული ამოხდა, მისი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ორ კაცს დაავალეს დაეფლათ მინდორში, სადაც უკვე ამოთხრილი ჰქონდათ ღრმა ორმო. ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ. დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განმავლობაში“.

ამბროზიო დუშ ანჟუშის მეოხებით, დედოფლის ცხედარი ჩუმად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. შემდეგ კი მისი წმინდა ნაწილები გოას ავგუსტინელების მონასტერში გადაასვენეს. დედოფლის წმინდა ნაწილები, ასევე, მოხვდა საფრანგეთში, ვატიკანსა და ბელგიაშიც.

1628 წლის თებერვალში, ამბროზიო დუშ ანჟუში საქართველოში ჩამოვიდა. მან თან ჩამოიტანა დედოფლის წმინდა ნაწილები – თავის ქალის ნაწილი, აგრეთვე, „წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი“. დედოფლის ვაჟის, თეიმურაზ I-ის ბრძანებით, ქეთევანის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი დაიკარგა. ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები შემოესივნენ.

გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიწისძვრის შედეგად განადგურდა და წმინდა დედოფლის საფლავი დიდხანს დაკარგულად ითვლებოდა. 2006 წელს, მონასტრის ადგილას ჩატარებული გათხრების შედეგად, ინდოელმა არქეოლოგებმა ქეთევანის წმინდა ნაწილებს მიაკვლიეს, რაც დნმ-ის ანალიზით დადასტურდა.

ინდოეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და, 2017 წლის 23 სექტემბერს, დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვით ჩამოაბრძანეს. მოგვიანებით, ნეშტის ნაწილი საქართველოს საჩუქრად გადმოეცა. 2021 წლის 9 ივლისს, წმინდა ნაწილები საქართველოში თავად ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი