27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
,,აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა”.
27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს აღნიშნავს.
ეს დღე მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. 326 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.
მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მის გავრცელებას ყველანაირად ხელი შეუწყო და თავადაც მოინათლა.
მისმა ღვთისნიერმა დედამ, ელენე დედოფალმა, 326 წელს, თავისი სურვილითა და ძე-იმპერატორის ნებით, იერუსალიმში წარმართების მიერ მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა, რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა: „იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა“ და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ჯვარზე მიამსჭვალეს ქრისტე.
სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. წმინდა ჯვრის შეხებით მკვდარი გაცოცხლდა. სასწაულის შესახებ ყველამ გაიგო, იერუსალიმის მოსახლეობა შეიკრიბა და იერუსალიმის პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ ცხოველი ჯვარი აღემართა. პატრიარქმა და სხვა მამებმა ჯვარი აღმართეს, რის შემდეგაც, ისევ აღსრულდა არაერთი სასწაული. ბევრმა ირწმუნა ქრისტე, მათ შორის მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელიც ელენე დედოფალს წმინდა ჯვრის მოძიებაში დაეხმარა.
იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით, ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც გოლგოთასა და უფლის საფლავს მოიცავდა. მშენებლობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა. წმინდა ელენე დედოფალი ვერ მოესწრო მის დასრულებას, რადგან იგი 327 წელს გარდაიცვალა. ტაძარი 335 წელს აკურთხეს, რის შემდეგაც პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული დაწესდა.