სულით მეამბოხე ,,ლაჯანელი ბანოვანი”, რომელმაც თავისი ცხოვრება საქართველოს სიყვარულსა და სხვებზე ზრუნვას შესწირა

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, ხელოვანი და ლეჩხუმის განმანათლებელი  დესპინე გელოვანი, იგივე ,,ლაჯანელი ბანოვანი” დესპინე გელოვანი,  1888 წლის 16 დეკემბერს, ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლაჯანში, საშუალო შეძლების მქონე თავადის ოჯახში დაიბადა. იმ პერიოდში, მწერლის მშობლები სვანეთიდან  ლეჩხუმში ახლად გადასახლებულნი იყვნენ. ფეოდალურ წრეებში ღრმად ფეხმოკიდებულმა ტრადიციამ, პატარა დესპინე ოჯახში ჩაკეტა და აიძულა განათლება სახლში, ახლობელი მასწავლებლისგან მიეღო. 18 წლის დესპინე უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებული, დამოუკიდებლად მოქმედი და თავისუფლად მოაზროვნე იყო.  სწორედ ამ პერიოდში, მან გადაწყვიტა გაზეთ “ივერიის” კორესპონდანტი გამხდარიყო. წერა პატარ-პატარა კორესპონდენციით დაიწყო. იგი აქტიურად ამხელდა ლეჩხუმ – სვანეთის მაზრაში მეფის ბიუროკრატი-ჩინოვნიკების თავგასულობასა და ბოროტმოქმედებას, რის გამოც არაერთხელ გააფრთხილეს. არავინ იცის, როგორ ახერხებდა თავისი მამხილებელი წერილების ასე აქტიურად ბეჭდვას. მის წერილები ქვეყნდებოდა ,,ივერიაში“, „ ცნობის ფურცელში“, „ თემსა” და „სახალხო ფურცელში“.

მის ავტობიოგრაფიულ წერილში ვკითხულობთ: ,,იმ დროს იმდენად ჩამორჩენილი იყო ლეჩხუმ-სვანეთის მხარე, რაც უნდა უსამართლობა და თავგასულობა ჩაედინათ მეფის ადგილობრივ მოხელეებსა თუ ზოგ თვითნება ფეოდალს, პრესამდე ვერ აღწევდა. ისე კი, ასეთ მიყრუებულ კუთხეში მრავალი ამაღელვებელი ძალმომრეობა ხდებოდა, რასაც მთელი ჩემი შეგნება და აზროვნება ეწინააღმდეგებოდა და სულიერად ვიტანჯებოდი. სწორედ ასეთმა განცდებმა მაიძულეს და გამაბედინა გაზეთთან თანამშრომლობა… და კიდევ დავიწყე ამ ბნელი ძალების წინააღმდეგ ულმობელი წერილების წერა”.

ამ ყველაფრის ფონზე, ახალგაზრდა დესპინეს ბევრი მტერი გაუჩნდა, თვით მამაც კი განუდგა. მას სამარცხვინოდ მიაჩნდა თავისი გასათხოვარი ქალიშვილის „ვაჟკაცური“ საქმიანობა. სულით მეამბოხე დესპინეს კი რაც მეტი წინაღმდეგობა ხვდებოდა მამისგან, მით უფრო მეტი აქტიურობით წერდა.

1902 წელს, მან  ფსევდონიმი გამოიცვალა და  მტრის მხილება გააძლიერა, რასაც მოჰყვა მისი ჩაბმა არალეგალურ მუშაობაში. 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისთვისა და მაზრის უფროსის დაბეზღებით, გადაწყვეტილი იყო მწერალი ქალის მშობლების სახლ-კარი გადაეწვათ, მაგრამ საქმეში  მათი ოჯახის ნათესავი, ქალსუ დადეშქელიანი ჩაერია და გელოვანების სახლ-კარი, საბედნიეროდ, გადარჩა.

რევოლუციის შემდეგ, მშრომელი მასების  გათვითცნობიერების მიზნით, დესპინე გელოვანი ხალხში გავიდა და თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, დესპინე  კულტურულ საქმიანობაში აქტიურად ჩაება. 1901 წელს, მისი ინიციატივით, ლეჩხუმში პირველი სპექტაკლი დაიდგა. შემდეგ იყო სხვადასხვა სოფლები. დესპინე გელოვანი ცაგერში, ლაილაშასა და ლაჯანურში  რევოლუციური ხასიათის სპექტაკლებს დგამდა და ხალხში ბრძოლის სურვილსა და მომავლის რწმენას აღვივებდა, სპექტაკლიდან შემოსული  თანხა კი  ქუთაისის ციხის პოლიტიკურ პატიმრებს, გვირაბის გასაყვანად ეგზავნებოდა.

გადმოცემის მიხედვით, მან საკუთარ სახლში საკუთარი დაწყებითი სკოლაც შექმნა, სადაც სოფლის გოგო-ბიჭებს, სრულიად უსასყიდლოდ, წერა-კითხვას ასწავლიდა. ,,თუ ვინმე ძველი თაობიდან წერა-კითხვის მცოდნენი ვართ, დესპინემ შეგვასწავლაო,”– ამბობდნენ ორბელისა და ლაჯანის მცხოვრებლები. გარდა ამისა, დესპინე გელოვანმა  მეაბრეშუმეობის გავრცელებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იძახდა: ,,ხატები გაგვირისხდება და ვენახებს დაგვისეტყვავსო”, თბილისიდან მივლენილმა ინსტრუქტორმა და დესპინეს მცდელობამ ხალხში  მეურნეობის ეს დარგი მაინც დანერგა. 1920 წელს, დესპინე გელოვანი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და  სამრეწველო მოღვაწეობას შეუდგა.

დესპინე გელოვანი ძმისწულებისთვისაც თავდადებული მამიდა ყოფილა. ის  არა მარტო წერა-კითხვას ასწავლიდა, არამედ  მათ საერთო განათლებასა და  ზნეობრივ აღზრდასაც ხელმძღვანელობდა. შემდეგში, უმცროსმა ძმისწულმა, იურისტმა ანდრო გელოვანმა, მამიდის ხსოვნას დიდი პატივი მიაგო. ის ფურცელ-ფურცელ აგროვებდა მამიდის ავტობიოგრაფიებს, რომელიც არც ისე ადვილი აღმოჩნდა. წლები დასჭირდა იმ  მემკვიდრეობის მიკვლევას, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მასთან ერთად, ამ საქმეში დიდი წვლილი სოლომონ ცაიშვილსაც მიუძღვის. სწორედ მან გამოთქვა სურვილი, ანდრო გელოვანს დესპინე გელოვანის ლიტერატრურული მემკვიდრეობის შეგროვებასა და გამოცემაში დახმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ გარდა უამრავი კორესპონდენციისა, დესპინე გელოვანის კალამს ეკუთვნის ეთნოგრაფიული წერილები, მხატვრული ესკიზები, ნოველები, მოთხრობები და რომანები ,,ქალი”, ,,ვეღარ ეგუა სული ჩემი”, ,,ისრაელის ასულმა გაიმარჯვა”, ,,სამართალს სისხლით მოვძებნი”, ,,შორეული ლანდები” და სხვა).

დესპინე გელოვანი, 1934 წლის 6 დეკემბერს, თბილისში გარდაიცვალა.

 

ლიკა მაჩხანელი