უნგრეთის პრემიერმა ბრიუსელი საქართველოს მიმართ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას და მხარს უჭერს  საქართველოს სწრაფ  ინტეგრაციას ევროკავშირში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დისკრიმინაციული უწოდა ივნისის ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რა დროსაც მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

“ბრიუსელის ეს დისკრიმინაციული, საზიანო და ცუდი გადაწყვეტილება ვერც მორალურად იქნება გამართული. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ბოლო წლებია ძალიან ბევრს მუშაობს. ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა. 

მისივე თქმით უნგრეთი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას და მხარს უჭერს  საქართველოს სწრაფ  ინტეგრაციას ევროკავშირში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში 26 ოქტომბერს გაემგზავრა, სადაც  პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

რა ძირითადი აქცენტები გამოიკვეთა ორი ქვეყნის ლიდერების ორმხრივი შეხვედრების დროს?

პირველი გზავნილი შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ევროინტეგრაციას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით საქართველოს წევრობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნგრეთი ყოველთვის ძლიერად და ხმამაღლა უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ ქვეყანა მალე გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

“ქვეყანამ ამისთვის დიდი კონტრიბუცია ჩადო. მსხვერპლი გაიღო როგორც  ნატო-ს მისიებში, ერაყსა და ავღანეთში, ისე ევროკავშირის მისიებში  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბუდაპეშტის ვიზიტის შემდეგი გზავნილი შეეხებოდა მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთ-უკრაინის ომს. ვიქტორ ორბანმა ომის მალე დასრულების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ომმა ევროპაში უმწვავესი ენერგო და ფინანსური კრიზისი შექმნა.

უკრაინის ომზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი განცხადებით, მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

“ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება. საქართველო უკრაინას  ყველა პლატფორმაზე უჭერს მხარს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსეთ-უკრაინის ფონზე, ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს ევროპაში არსებულ ენერგო და ფინანსურ კრიზისზე. ვიქტორ ორბანმა არც ამ შეხვედრაზე დაივიწყა ჩვეული ევროპული სკეპტიციზმი და ევროკავშირი ტრადიციულად გააკრიტიკა.

“ბრიუსელის წარუმატებელი სანქციების გამო, ევროპა სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას,  ევროპისთვის ერთადერთი გამოსავალი მეტი ენერგიის წყაროს მიწოდებაა“, – ამბობს ორბანი.

მისი თქმით, ბუნებრივ აირზე ფასების შემცირება, როგორც საქართველოს, ისე უნგრეთის ინტერესშია.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი მუშაობს ახალი დიდი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე, რომლის მეშვეობით უნგრეთს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია საქართველოსა და რუმინეთი გავლით მიეწოდება. ეს კი უნგრეთს ბუნებრივი აირის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

ფაქტია, რომ უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია საგრძნობლად გაიზარდა. ორბანის განცხადებასთან ერთად, ამას საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტიც ადასტურებს, რომელიც 25 ოქტომბერს შედგა. ბაქო ევროპას ბუნებრივ აირს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების მეშვეობით მიაწვდის.

შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის როლსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ზღვის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე.

ღარიბაშვილმა და ორბანმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ახლო  ისტორიული და კულტურული თანამშრომლობა.

“მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად საქართველო და უნგრეთი დაშორებულები არიან, უნგრეთში საქართველოს მიმართ, მიკერძოებულად პოზიტიური გრძნობები არსებობს. ჩვენი ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს”, – აცხადებს უნგრეთის პრემიერი.

პრემიერმა ღარიბაშვილმა კი უნგრეთისა და საქართველოს საერთო ღირებულება და ფასეულობა ქრისტიანობა გამოყო. მისი განცხადებით, უნგრეთი, ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს, წარმატებული ქვეყანაა და საქართველომ უნგრეთიდან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გადმოიღო.

საინტერესოა ისიც, რომ ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით დაბრუნების გამოც შეაქო.

“ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში, ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორედ მსახურობს ამ თანამდებობაზე, ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ჩვენთვის სამაგალითო”, – განაცხადა ორბანმა.

საპასუხო ვიზიტით ორბანი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა, რა დროსაც სამთავრობოთაშორისი შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, საქართველო-უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება. ბუდაპეშტში  პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად, საქართველოს მთავრობის დელეგაციაც იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი