სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

უდაბნოს მონასტერი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების მთის ფერდობზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. მონასტრის მთავარი ნაგებობა ნახევრად კლდეშია ნაკვეთი. ფერდობის ქვედა ნაწილში კიდევ 4 გამოქვაბულია, რომელთაც, ერთი მხრიდან, აფსიდის ფორმა ხელოვნურად აქვს მიცემული  (სავარაუდოდ, სალოცავის მოვალეობას ასრულებდა); მონასტრის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კი კლდეშია გამოკვეთილი. როგორც ჩანს, მშენებლებს მხოლოდ დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლის ნახევარი აუგიათ.

ეკლესია  კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებითაა ნაგები და სხვადასხვა რელიეფური გამოსახულებითაა შემკული. მისი აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, მკვლევართა ნაწილი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი კი IX–X საუკუნეებს მიაკუთვნებს. დათარიღებას ართულებს ის ფაქტი, რომ მონასტერი მრავალჯერ გადაუკეთებიათ, ხოლო აღდგენის დროს სამშენებლოდ ძველი ნანგრევები გამოუყენებიათ.

გურიის უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიასა და მხატვრობას. მონასტრის წინამძღვარს, იოსებ ტუსკიას აქ შემოქმედის გულანი გადაუწერია. უდაბნოს ხელნაწერთაგან ყველაზე თვალსაჩინო და უძველესია „მრავალთავი“, რომელიც, XVI საუკუნეში, ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ ჩამოიტანა. აქვე იყო დაცული ბრწყინვალე ოსტატობით ნაქარგი სამღვდელმთავრო შესამოსლები. ამაღლების მთის ფერდობის ზედა ნაწილში, მღვიმე-ეკლესიიდან დაახლოებით 200 მ-ზე,  იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს, რომელიც 1858 წელსაა აშენებული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ღრმა ნახევარწრიული შვერილი აფსიდით.

მონასტერმა XX საუკუნის 50-იან წლებამდე იარსება.  გაძარცვის შედეგად  განადგურდა ხელნაწერები, წიგნები და ხატები, გადარჩა მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი, რომელიც ამჟამად მონასტერში ინახება.

უდაბნოს მონასტერში ღვთისმსახურება, 1991 წელს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღდგა, სამონასტრო ცხოვრება კი,  2001 წელს, მღვდელმთავარმა იოსებმა (კიკვაძე) აღადგინა.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

პოდკასტი