აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება რუსეთს მიწებს “მადლიერების ნიშნად” უთმობს

რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკი, 180 ჰა ტერიტორია და საზღვაო სივრცის 115 ჰა 49 წლით გადაეცა.

ბიჭვინთა, შავი ზღვის სანაპირო

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი გადასცა, სადაც რუსული მხარე სანატორიუმ-საკურორტო ობიექტის აშენებას გეგმავს. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “მოსკვა რეზორტის” მშენებლობა 20 მილიარდი რუსული რუბლი დაჯდება.

რუსულ კომპანია “მოსკვა რეზორტს” ბიჭვინთაში 20 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ეკუთვნის.

როგორც ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა განმარტავს, რუსეთს მიწის ნაკვეთს მადლიერების ნიშნად გადასცემენ.

გადაწყვეტილებას მხარი დეფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა დაუჭირა. ე.წ. პარლამენტის დეპუტატის, კან კვარჩიას განცხადებით, ის მხარს უჭერს კანონპროექტს, რადგან ეს აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენას შეუწყობს ხელს.

ე.წ. დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ კი აღნიშნა: “მზად ვარ მთელი სანაპირო ზოლი დავთმოთ მშენებლობისთვის, მაგრამ თუ კი, აქ ადამიანის უფლებების მცირე დარღვევა გამოიკვეთა, ეს არასწორია”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკი, 180 ჰა ტერიტორია და საზღვაო სივრცის 115 ჰა 49 წლით გადაეცა.

ამ ფაქტს აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი მოჰყვა, რასაც რუსეთის მხრიდან მუქარის ტონი მოჰყვა. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის განცხადებით, თუ რუსეთს ბიჭვინთის აგარაკები არ გადაეცემა, რუსეთი აფხაზეთში ინვესტიციებს, ეკონომიკის განვითარებას შეწყვეტს და სამხედრო ბაზას დახურავს.

აფხაზეთისგან განსხვავებით, ფაქტს მწვავე გამოხმაურება არ მოჰყოლია თბილისში, მათ შორის, არც ხელისუფლებაში. ერთადერთი მწვავე განცხადების ავტორი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომლის თქმით, აღნიშნული ქმედება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ ბიჭვინთის გამო ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთი “დროს არ კარგავს” და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად, ნაბიჯებს ანექსიისკენაც დგამს.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი