ალკობასის მონასტრის კარი – ბერებისთვის წონის შენარჩუნების უცნაური საშუალება 

ალკობასის მონასტრის 32-სანტიმეტრიანი კარი ბერებს გასუქებას უკრძალავდა

მსოფლიო სიახლეებით და საოცრებებით არის სავსე. რამდენი ქვეყანაც არსებობს დედამიწის ზურგზე, იმდენივე განსხვავებული ერი და ტრადიციაა.

ჩვენთვის ჩვეულებრივმა ტრადიციამ შესაძლოა სხვა ქვეყნის მოსახლეობა გააოცოს და პირიქით.

ამჯერად მოგიყვებით პორტუგალიის შესახებ, სადაც ალკობასის მონასტერი მდებარეობს. ალბათ, ბევრს არც სმენია ამ მონასტრის შესახებ, რომელიც 1153 წელს, პორტუგალიის პირველმა მეფემ, აფონსო I-მა დააარსა. მონასტერი ორი საუკუნის განმავლობაში მეფეების უკანასკნელი განსასვენებელი იყო. გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, ეკლესია პორტუგალიის გოთიკური არქიტექტურის პირველი ნიმუშია.

მისი განსაკუთრებულობა მხოლოდ ამაში არ გამოიხატება. ალკობასის მონასტრის სამზარეულოს კარის სიგრძე 2 მეტრი, სიგანე კი, სულ რაღაც 32 სანტიმეტრია. გადმოცემის თანახმად, ეს იყო სასიკვდილო ცოდვისგან ადამიანის ხსნის ერთ-ერთი საშუალება, რადგან ბევრი საკვების მიღება, მათი ტრადიციისამებრ, მძიმე ცოდვად ითვლებოდა. ეს არის გზა, რომლითაც მონასტრის ბერები ერთმანეთს წონის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ.

ამ ვიწრო, ერთი შეხედვით უცნაურ კარს, პორტუგალიის მოსახლეობა „სიხარბის საწინააღმდეგო კარს“ უწოდებს და ალბათ, გასაკვირი არ არის რატომ. ბერებს, სამზარეულოდან მიღებული საკვები სატრაპეზოში მიჰქონდათ, რომლის შესასვლელში ხვდებოდათ წარწერა: „ჩათვალე, რომ ხალხის ცოდვებს ჭამ“. ეს ორი გზა, ერთგვარი მორალური ზემოქმედებისა და თავის კონტროლის საშუალება იყო, რომელსაც ბერები საკვების მიღების წინ თავს ვერ არიდებდნენ.

ამ კარის არსებობა გვარწმუნებს, რომ დიეტა და წონის კლება მხოლოდ მე-20-ე და 21-ე საუკუნის პრობლემა არ არის.

გადმოცემის თანახმად, მაშინ, როცა ბერები სამზარეულოში საჭმლის გამოსატანად შედიოდნენ, სწორედ ამ კარის გავლა უწევდათ. თუ მათი წონა იმდენად დიდი იყო, რომ ამ კარს, როგორც ერთ-ერთ დაბრკოლებას, ვერ გადალახავდნენ, ეს მარხვის დაწყების აუცილებლობისკენ უბიძგებდა. მარხვის დასრულების შემდეგ კი, მათი სხეული გასაღებივით ერგებოდა კარს და მათთვის საჭმლისკენ მიმავალი გზაც თავისუფლდებოდა.

მონასტრის დაარსების დროს, 12-ე საუკუნეში, პორტუგალიაში არსებობდა ცისტერციანელების – კათოლიკური მონაზვნური ორდენი, რომლებიც მისდევდნენ ფერმერულ საქმიანობას და ჰქონდათ მეურნეობა, შესაბამისად, მათ საკვებიც საკმარისზე მეტი ჰქონდათ. არსებობს ლოგიკური ვარაუდი, რომ სწორედ ეს კარი იყო მათი ერთგვარი წინაღობა გასუქებისკენ და წონის შესანარჩუნებლად საკმაოდ ეფექტიანი საშუალება.

საინტერესოა ისიც, რომ ვიწრო კარის გვერდით არის მეორე, საკმაოდ ფართო კარი, რომელსაც იმავე ოთახში შესასვლელი ფუნქცია აქვს. ზოგიერთი ვარაუდით, ვიწრო კარი ღარიბებისთვის საჭმლის მისაწოდებლად გამოიყენებოდა. ზოგიერთი წყარო კი, მას თეფშების სათავსოდ მოიხსენიებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბერებს საუკუნეების მანძილზე ადანაშაულებდნენ, რომ კარგად ცხოვრობდნენ და წონაც კარგი ცხოვრების შესაბამისი ჰქონდათ. არაერთი ვარაუდი არსებობს იმის შესახებ, რომ ისინი ბევრს ჭამდნენ და სვამდნენ, ამიტომ ლოგიკურია, რომ მათ წონის კონტროლი სჭირდებოდათ.

თითოეული მნახველი ამ კარს მაინც თავისებურად აღიქვამს და შესაძლოა, ბევრ რამეზე დააფიქროს ადამიანი. ის თითქოს გაიძულებს დაფიქრდე საკუთარ თავზე და გააანალიზო საკუთარი „მე“.

იუნესკომ 1989 წელს ალკობასის მონასტერი, ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა.

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი