“სიმართლე უნდა ითქვას, 7 ნოემბერს ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალება სურდა”

2007 წლის 7 ნოემბერი – დღე, რომელიც საქართველოს ისტორიის ფურცლებმა კიდევ ერთ მძიმე და ტრაგიკულ თარიღად შემოინახა.

გაერთიანებული ოპოზიცია 7 ნოემბრის აქციაზე

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 4 წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაიმართა. ქართულ საზოგადოებას ნაციონალების ერთპიროვნული მმართველობა არ მოსწონა და სურდა, პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი. მოსახლეობის სრულიად ჯანსაღ, დემოკრატიულ მოთხოვნას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალით უპასუხა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

15 წლის შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც 2007 წელს სააკაშვილის ხელისუფლებისგან რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იტანდნენ, დღეს ისევ ოპოზიციაში არიან და ზურგს იმ პოლიტიკურ ძალას უმაგრებენ, რომელიც 15 წლის წინ მათ დევნიდა. 7 ნოემბრიდან დღემდე ოპოზიციის მიერ განვლილ გზაზე მედია სააგენტო “24”-ს პოლიტოლოგი და ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.

 

– 7 ნოემბერი, რა თქმა უნდა, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მძიმე დღეა. მაშინ საქართველოში საპროტესტო ტალღის აგორებაში, რუსეთი იყო ჩართული. მაშინდელი ოპოზიცია გაცილებით უპასუხისმგებლო იყო. მათი მთავარი ამოცანა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება იყო. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხელისფლებას კანონის გვერდის ავლით არ უნდა ემოქმედა. როგორი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდაც არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა ვერ გამართლდება. მაშინდელ და დღევანდელ ოპოზიციას შორის განსხვავებას რაც შეეხება, მაშინდელი ოპოზიცია რუსეთის თამაშს თამაშობდა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწეოდა. ოპოზიციიდან, ძალიან ბევრი პრორუსული ორიენტაციის იყო, რომლებიც 2008 წლის ომშიც დღესაც საქართველოს ადანაშაულებენ. დღევანდელი ოპოზიცია პროდასავლური და ბევრად უფრო პასუხისმგებლიანია. იდეალურები არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, იქნება ეს: “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა”, “გირჩი მეტი თავისუფლება” – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიემართებიან. ამდენი წელი გავიდა და სიმართლე უნდა ითქვას, 7 ნოემბერი, გარკვეულწილად, მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

 

ნიკა ჩიტაძე

 

– 7 ნოემბრიდან დღემდე ოპოზიციის მიერ განვლილ გზას როგორ შეაფასებთ?

– მოგეხსენებათ, 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, 43%-ით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. 2008 წელს, ფაქტობრივად, საქართველო რუსეთს მარტო ებრძოდა. მართალია, გარკვეული ტერიტორია დაკარგა, თუმცა, ის მოახერხა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეენარჩუნებინა და რუსეთისთვის დიპლომატიური ომი მოეგო. წინა ხელისუფლებამ, ასევე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველყო და ხელისუფლების გადაბარება, დემოკრატიული გზით მოახერხა. რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რთული გზა გამოიარა, თუმცა, გაუძლო ყველაფერს და მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.

– რას იტყვით ნინო ბურჯანაძეზე. ბოლო დროს მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სურს ოპოზიციის გაერთიანება და “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოლაბორაციისთვისაც მზად არის?

– ერიხ მარია რემარკს აქვს ნათქვამი, რომ არცერთი ადამიანი არ არის ისეთი მდიდარი, რომ საკუთარი წარსული იყიდოს. ვიღაცას აქვს უფლება დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეროვნულ ინტერესებსა და ქართულ ტრადიციებზე ისაუბროს. მგონია, რომ ნინო ბურჯანაძეს და ბევრ სხვას, მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილს, ამაზე საუბრის უფლება არ აქვთ. მერე ნინო ბურჯანაძის მსგავსები გამოვლენ და რომის პაპზე დიდ კათოლიკეებად მოგვევლინებიან.

– რა იყო “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი შეცდომა?

– დიდი შეცდომა იყო საკადრო პოლიტიკა. თუნდაც ის, რომ ძალაუფლება ხელში ირაკლი ოქრუაშვილის მსგავს ადამიანებს მისცეს. სააკაშვილი ისეთ ხალხს ენდობოდა, ვინც ამას არ იმსახურებდა და მერე ყველაფერი მას ბრალდებოდა.

– “ნაციონალური მოძრაობა” “ცხელ შემოდგომას” აანონსებდა, შეძლეს საკუთარი გეგმების განხორციელება?

– ჩვენ “ცხელი შემოდგომა” წარმოგვიდგენია დემონსტრაციებით და სახელმწიფო უწყებების პიკეტირებით. ბრძოლა მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდებიან. საჭიროა სწორი საინფორმაციო პოლიტიკის გატარება, რადგან ოპოზიცია დღეს საინფორმაციო ომს აგებს.

– ერთი მხრივ, ვხედავთ “ქართული ოცნების” ფრთის ქვეშ გადანაცვლებული ოპოზიციის ნაწილს, მეორე მხრივ კი -“ოცნებიდან” წასული პოლიტიკოსები ნიკა გვარამიას გულშემატკივართა რიგებში აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით გამოირჩევა გედევან ფოფხაძე, რომელიც რადიკალურ განცხადებებს აკეთებს. რა პროცესებთან გვაქვს საქმე?

– ვემიჯნები, ამ ადამიანების მომხრე არ ვარ და მათ მიმართ ნდობაც არ მაქვს. შოთა რუსთაველს აქვს კარგად ნათქვამი: “ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”. კიდევ მახსენდება ფრაზა: “კუზიანს სამარე გაასწორებს”. ასეთი ხალხი თუ დასჭირდათ, ოპოზიციასაც გაყიდის. ბევრნი არიან: ალეკო ელისაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, იგივეს ვიტყოდი გიორგი მარგველაშვილზეც. “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც ფული ვერ მიიღეს, მერე თურმე, საქართველოს დემოკრატიაზე აღშფოთდნენ. ეს ხალხი სანდო არ არის. ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდასთან მაქვს შეხება, რომლებიც ახალი, საინტერესო და განათლებული ადამიანები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გამოჩნდნენ, სულ ერთი და იმავე სახეებს არ უნდა ვუსმინოთ.

ესაუბრა სალომე ხომასურიძე