სატელეფონო მმართველობა კლავს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს
ჟურნალისტის გვერდი: შორენა კოწოწაშვილი
დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კანონზე დაფუძნებული სამართლიანი საამართლო და არა პირად თუ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული – ეს არის სასამართლო ხელისუფლების ის შედეგი, რომელიც ქვეყანამ სასამართლო რეფორმის შედეგად უნდა მიიღოს. შედეგი ერთია და სურვილი – მეორე. სწორედ ეს უკანასკნელი არის მთავარი პრობლემა ბოლო აღწლეულების განმავლობაში, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთ, მათ შორის, ხელისუფლების სამივე შტოს მესვეურთ, არ სურთ ქვეყანაში ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების არსებობა.
ზემდგომთა ინტერესებში მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, ოღონდ გასხვავებული მეთოდებით, მმართველობის ტიპიდან გამომდინარე. ბოლო წლების ტრენდია – სატელეფონო და კლანური მმართველობა, რაც თავისთავად, კლავს სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პრინციპს და საზოგადოებაში არამხოლოდ დაუცველობის განცდას აჩენს.
შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, საქართველოში მუდმივად სასამართლო რეფორმა ხორციელდება. ეტაპები დაყოფილია ფინანსურ ტრაანშებად, რეფორმის ტალღებად და ხალხს, უკვე სიმართლე გითხრათ, აერიათ, რომელი ტალღის ეტაპზეა ახლა სასამართლო რეფორმა, რომელსაც კრიტიკოსები არამხოლოდ ქვეყნის შიგნით ყავს.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ დღევანდელი და სააკაშვილის დროინდელი სასამართლოების შედარებაც არ შეიძლება, როცა სასამართლოს განაჩენები და გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით სატელეფონო ზარებით კანონდებოდა . დღეს სასამართლო ნოტარიუსის ფუნქციას არ ასრულებს, თუმცა სრულად დარღვეულია სასამართლო განხილვის ვადები. ეს კი, მხოლოდ ისედაც დაზარალებულ მხარეს, კიდევ უფრო აზარალებს. არადა, კონსტიტუციაში წერია, სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეს და ა.შ. კარგი იქნებოდა, ამ ნორმას ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე გრძნობდეს, განურჩევლად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და სტატუსისა.
უდაოდ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2012 წლის შემდგომ, სასურველი შედეგისთვის აღარ დაფიქსირებულა სასამართლო დარბაზში დარეკილი ზარის და მოსამართლისთვის ან პროკურორისთვის ტელეფონის გადაცემის ფაქტი. ესეც გარკვეულწილად წინსვლაა, თუმცა ფაქტია, რომ პრეტენზიები კონკრეტული მოსამართლეების მიმართ არსებობს და განსაკუთრებით მათ მიმართ, ვის წინააღმდეგაც სააკაშვილის მმართველობის დროს ასობით საჩივარი იყო შესული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს მოსამართლეები დღესაც არ გამოირჩევიან საზოგადოების მაღალი ნდობით და მათ მიმართ, სრულიად სამართლიანი პრეტენზიები გვესმის. არგუმენტირებული ხარვეზების მიუხედავად, ისინი დღესაც, საქართველოს სახელით, არცთუ ობიექტური განაჩენებით გამოირჩევიან.
სასამართლოს მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო ზრდის ის სამწუხარო ფაქტი, რომ 2012 წლის შემდეგ, მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, ამ დრომდე არ დასჯილან. არა ერთი არაობიექტური განაჩენის და მათ წინააღმდეგ სამართლიანი საჩივრებისა და პრეტენზიების მიუხედავად, ეს ადამიანები მესამე ხელისუფლებაში რჩებიან, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში დაწინაურდა კიდეც. ამაზე, არც ადვოკატები ამახვილებენ ყურადღებას, არადა თავის დროზე, მედიაში აქტიურად შუქდებოდა მსგავსი საჩივრები.
დღეს, როცა ქვეყანას ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა აქვს განსახორციელებელი და სასამართლო რეფორმას დასავლეთიც სერიოზულ მონიტორინგს უწევს, იმედია, მმართველი პოლიტიკური ძალა მეტი ყურადღებით და პრინციპულობით მოეკიდება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც ქართული სასამართლოს მადისკრედიტებელია. ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების და ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს და არა დასავლეთის თვალის ასახვევად გაკეთდეს.
მარტივი ლოგიკაა – ქვეყანა ვერ განვითარდება და წინ ვერ წავა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების გარეშე.