სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩარჩენილი გელათი

გელათი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, დიდი ხანია რესტავრაციის და რეაბილიტაციის ობიექტია. 2008 წელს გელათის მონასტერი და აკადემია მსოფლიო მონუმენტების ფონდის „ 100 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის“ სიაში შევიდა და მას მერე აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსის შესწავლა და მისთვის აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშოების ჩატარება.

ჩამორეცხილი ფრესკები, დანესტილი კედლები, ხარაჩოებში ჩასმული ღვთისმშობლის ტაძარი და დროებითი გადახურვის ქვეშ დამალული დამსკდარი კრამიტის სახურავი. უკვე წლებია ეს არის მეთორმეტე საუკუნის ძეგლის მდგომარეობა.

კულტურულ ძეგლებზე პასუხისმგებლობა და მათი მოვლა-პატრონობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ვალდებულებაა, თუმცა არაერთი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ სააგენტო თავის მოვალეობას პირნათლად ვერ ასრულებს.

სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, გელათის სავალალო მდგომარეობის შესახებ, მაგალითად:

🔴 2021 წლის 14 ნოემბერს, გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარ დაკეტილი იყო. რამდენიმე დღე ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდებოდა და ვერც მნახველები შედიოდნენ. დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი რეაბილიტაცია იყო, თუმცა იმ დროისთვის ტაძარში სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ტაძრის დაკეტვის მიზეზად სხვადასხვა წყარო, ფრესკებიდან ფრაგმენტების ცვენას ასახელებდა.

🔴 2021 წლის ზამთარს ტაძარი კვლავ დროებითი გადახურული კონსტრუქციით შეხვდა. ამავე დროს, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრებოდა.

🔴2021 წლის 29 ივლისს, გელათის უნიკალური ფრესკები ისევ საფრთხის ქვეშ იყო. მე-16 საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები, არასწორი გადახურვისა და ტაძრიში ჩასული წვიმის გამო ჩამოცვივდა.

🔴 2022 წლის 13 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში ახალი დროებითი გადახურვის პროცესის ზედამხედველობის მიზნით, საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა ორი ჯგუფი იმუშავებდა.

🔴 2022 წლის 30 მაისს, კულტურის მინისტრმა იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მოჭიქული კრამიტი სრულად იყო მოსახსნელი, რის შემდეგაც უნდა შემუშავებულიყო ახალი გადახურვის პროექტი. როგორც იტალიელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, დაზიანება სერიოზული იყო, წყალი ფრესკებამდე იყო ჩასული და აუცილებელი იყო, ამ პროცესების შეჩერება.

🔴2022 წლის 6 სექტემბერს, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, კვლავ ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი UNESCO-ს ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

🔴2022 წლის 22 სექტემბერს, თეა წულუკიანმა პარლამენტში მოსმენის დროს თქვა, რომ 2008 წელს შემუშავებული პროექტი იყო მრავალმხრივ ხარვეზიანი, რამაც გელათის მონასტერი ამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა. მისი თქმით, გელათის გადასახურ არცერთ კრამიტს ექსპერტიზა არ ჰქონია ჩატარებული, არც წყლის შეღწევადობაზე, არც სიმტკიცეზე და არც იმ პარამეტრებზე, რაც კრამიტს სჭირდება მანამ, სანამ ძეგლს გადახურავ. წულუკიანმა დაუფარავად თქვა, რომ ისტორიული ძეგლი კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, მაგრამ საშიშროება აღარ ემუქრებოდა.

ეს არის გელათის რესტავრაციის ისტორიის ძალიან მცირე ფრაგმენტი. საინტერესოა ის, რომ თითოეული კომპანია, რომელიც გელათის აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული, ერთმანეთს აბრალებდა სამუშაოების ვერ შესრულებას, უყურადღებოდ დატოვებასა და ისტორიული ძეგლის არასათანადო მასალით რეაბილიტირების მცდელობას. სამწუხაროდ, გელათის კომპლექსის რეაბილიტაციის საქმეში კონკრეტულად ვერც ერთი კომპანია და პირველ რიგში, სამინისტრო ვერ ხედავს საკუთრ პასუხისმგებლობას.

მე-12 საუკუნის ძეგლი, რომელმაც მრავალ საუკუნეს გაუძლო, ახლა ჩვენივე ხელით ინგრევა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. ცალსახა პასუხი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა გელათს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არსებობს.

ქეთა მელიქიშვილი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი