შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო სივრცე მხატვრის 46 ნამუშევრით შეივსო, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ერთი ნამუშევარი კი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ე.წ. ფიროსმანის ოთახი, რომელიც ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრებას დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალითა და იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციებით მოგვითხრობს.

გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და „ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით შედგა.

ნიკო ფიროსმანის გამოფენების ევროპაში მოწყობის იდეა 2022 წელს, „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტისას გაჩნდა. კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდშიც გამოიფინებოდა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ბეილერის ფონდსა და ლუიზიანას მუზეუმს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამუზეუმო საქმიანობაში, რესტავრაცია-კონსერვაციისა და საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად, გრძელვადიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის თანახმად, ბეილერის ფონდი, ლუიზიანას მუზეუმთან ერთად, ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ქართულ-ინგლისური ვებგვერდის შესაქმნელად იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ლუიზიანას მუზეუმმა უკვე გამოსცა ნიკო ფიროსმანის გამოფენის კატალოგი, ხოლო ბეილერის ფონდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ალბომს გამოსცემს.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდის საგამოფენო სივრცეში 2024 წლის 28 იანვრამდე დარჩება, სამშობლოში კი 2024 წლის თებერვალში დაბრუნდება.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

პოდკასტი