10 ნოემბერს დავით სარაჯიშვილი დაიბადა – როგორ შეიქმნა საქართველოში კონიაკის წარმოება

10 ნოემბერი დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 11 ნოემბერს მწერალთა სახლში ღია კარის დღე გაიმართება და ​15 ნოემბრამდე გაგრძელება.

დავით სარაჯიშვილი მეუღლესთან ერთად

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ექნება მწერალთა სახლისა და დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის ტურს დაესწროს. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების მონაწილეობას. ზრდასრულების ტურს მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური გაუძღვება.

მოეწყობა სარაჯიშვილის სასმელების ეტიკეტების ასლების გამოფენა. ეტიკეტების განსაკუთრებული დიზაინი, ხარისხთან ერთად, სარაჯიშვილის ალკოჰოლური სასმელის წარმატებას განაპირობებდა.

დავით სარაჯიშვილი კონიაკის წარმოებით საფრანგეთში ყოფნისას დაინტერესდა. როდესაც გაიგო, რომ კონიაკი, სასმელი, რომელიც ასე მოთხოვნადი იყო, ყურძნის ფუძეზე მზადდებოდა, გაუკვირდა, ყურძნის ქვეყანაში კონიაკი რატომ არ მზადდებოდა. ამ საქმეში დიდი პოტენციალი დაინახა. საფრანგეთში 2.5 წლის მანძილზე (1878-1879 წლებში) მეღვინეობა შეისწავლა. კონიაკის ტექნოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების ღრმად ცოდნამ საფუძველი მისცა გაბედულად გადაედგა ნაბიჯი საქართველოში კონიაკის წარმოების შექმნის გზაზე. 1888 წელს, სარაჯიშვილმა თბილისში გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ხელი მოჰკიდა სპირტისა და არყის წარმოების ჩამოყალიბებას, რითაც მოამზადა პირობები კონიაკის წარმოების დაწყებისთვის. მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილი ცდა უშედეგოდ რჩებოდა პრიმიტიულობისა და ტექნიკური ჩამორჩენილობის გამო. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამრეწველო ბაზარზე ბატონობდა უცხოური, ძირითადად ფრანგული კონიაკი, ამიტომ ადგილობრივი პროდუქცია ვერ უძლებდა საქვეყნოდ ცნობილი კონიაკების კონკურენციას და მათი წარმოება უქმდებოდა.

1888 წლიდან დავით სარაჯიშვილის ქარხანაში მუშაობდა შვეიცარული სპირტსახდელი აპარატი. სარაჯიშვილის ხელმძღვანელობით 1889 წელს ყიზლარში ამუშავდა კონიაკის სპირტსახდელი ქარხანა, შემდეგ მწყობრში ჩადგა მოლდოვასა და აზერბაიჯანის კონიაკის სპირტსახდელი ქარხნები. ჩამოთვლილი ადგილებიდან მიღებული სპირტები მოჰქონდათ თბილისის ცენტრალურ საწყობში, სადაც დამწიფება-დაძველების შემდეგ ამზადებდნენ კონიაკს.

უკვე 1895 წლიდან დავით სარაჯიშვილის 1, 2, 3, 4 ვარსკვლავიანი კონიაკები “რუსული კონიაკის” სახელწოდებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსკოვში, პეტერბურგში და რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში. სარაჯიშვილის კონიაკი უცხოურზე უფრო იაფი ღირდა.

 

 

1891 წელს სარაჯიშვილის ფირმამ 107 ათასი ბოთლი კონიაკი გამოუშვა, 1900 წლისთვის პროდუქციამ 218 200 ბოთლს მიაღწია. ეს ციფრები მეტყველებენ სარაჯიშვილის კონიაკის წარმოების მზარდ ტემპებზე.

დავით სარაჯიშვილის დიდი დამსახურება ის არის, რომ იგი კონიაკისა და სპირტიანი სასმელების წარმოების წამოწყებაში ხედავდა არა მარტო ეკონომიკურ მოგებასა და მატერიალური დოვლათის დაგროვების წყაროს, არამედ კონიაკის წარმოების დაწყება მას დიდ საშვილიშვილო და საქვეყნო საქმედ მიაჩნდა. ასეც მოხდა, სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა, რომელიც დღემდე ითვლება საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო საწარმოდ.

ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, საზოგადო მოღვაწემ, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

 

 

დავით სარაჯიშვილი სხვებსაც ეხმარებოდა წარმოების განვითარებაში, სწორედ მისი ხელშეწყობით შეძლო მიტროფანე ლაღიძემ სასმელის წარმოების დაწყება. როდესაც დავითი გარდაიცვალა, გოლოვინის პროსპექტის (ახლანდელი რუსთაველის გამზ.) სიგრძეზე, მიტროფანემ ჯიხურები ჩაადგმევინა, რათა მეგობრის გასვენების დროს, დიდი მსვლელობისას, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, ნებისმიერ მსურველს ყელი, სრულიად უფასოდ, ლაღიძის გემრიელი წყლით გაეგრილებინა.

დავითი სიცოცხლის ბოლომდე პატრონობდა ილია ჭავჭავაძის მეუღლესაც, რომელიც დაქვრივების შემდეგ, მთაწმინდის ქუჩაზე დასახლდა, ახლანდელი სულხან-საბას ბაღის წინ, რათა ყოველდღე ევლო მეუღლის საფლავზე.

დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1911 წელს 63 წლის ასაკში. მას გლოვობდა მთელი ქართული საზოგადოება. დავითის ცხედართან გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა დიდმა აკაკიმ:

„მთელ საქართველოში კიდით-კიდემდე ზარის ხმად გაისმის დათიკოს სიკვდილი… საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, ძმაო დათიკო, ჩვენ რომ ვერ დაგივიწყებთ, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ არ დაგივიწყებს შენ ჩვენი ჩამომავლობაც და ყოველ ეროვნულ საქმის დროს, შენც, როგორც თანამოაზრე, ოცნებით გვერდით ეყოლები წარმოდგენილი…“.

დავით სარაჯიშვილი დიდუბის პანთეონში განისვენებს.

ცნობილია მისი ანდერძიც:

ჩვეულებას, დახმარებოდა ყველას, დავით სარაჯიშვილმა სიკვდილის შემდეგაც არ უღალატა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი და დაიბარა, რომ 3 მლნ მანეთი ერის განვითარებას მოხმარებოდა. მათ შორის:

500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.

200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.

25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.

50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

30 ათასი მანეთი – ვლადიკავკაზის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);

25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.

100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.

171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;

5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.

50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.

10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.

5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.

200 ათასი მანეთი – ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

 

ასევე წაიკითხეთ:
თედო სახოკიას ნაამბობი დავით სარაჯიშვილზე: როგორ ადამიანებზე იდგა საქართველო  


ელენე ვადაჭკორია