პლანეტის უძველესი ოქროს მაღარო – საყდრისი, რომელსაც საქართველო ვერ გაუფრთხილდა

ძეგლის აფეთქება დაგმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. თუმცა, RMG Gold- ის მიერ დაწყებულ ნგრევას ხელი ვერაფერმა შეუშალა.

საყდრისის განადგურებიდან, თითქმის 8 წელი არის გასული და ვიწრო წრეებში ძეგლის შესაძლო კულტურული, ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულების შესახებ საუბარი, დღემდე არ ცხრება. საყდრისის ექსპედიციის გერმანული მხარის ხელმძღვანელი ბოხუმის მუზეუმის პროფესორი თომას შტიოლნერი, თავისი წერილში წერდა:

“2004 წლიდან ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად ეჭვგარეშეა, რომ საყდრისი თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, ის ოქროს სამთო წესით მოპოვებისა და დამუშავების დღემდე ყველაზე ძველ მტკიცებულებას წარმოადგენს კავკასიაში, ის მსოფლიო მასშტაბითაც ყველაზე ძველია. რაც ასე განუმეორებელს ხდის საყდრისს არის ის, რომ აქ სრულადაა შემონახული ოქროს მომპოვებელ-მწარმოებელი იმდროინდელი თემის დამახასიათებელი ყველა ასპექტი. ის საქართველოსთვის უნიკალურია და საჭიროებს ისევე, როგორც სხვა დიდი არქეოლოგიური ობიექტები – კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების მსგავსად დაცვას”.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მეცნიერებმა იცოდნენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენდა. 1980 – იან წლებში სამთო ინჟინერმა თეიმურაზ მუჯირმა ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთთან, პრეისტორიული მაღარო აღმოაჩინა. 2004 წლიდან კი ქართულ-გერმანულმა სამეცნიერო ჯგუფებმა ობიექტის ერთობლივი კვლევა დაიწყო. გერმანული მხარიდან ექსპედიციას ბოხუმის მუზეუმის პროფესორი ბატონი თომას შტიოლნერი ხელმძღვანელობდა, ქართული მხრიდან კი, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, ირინე ღამბაშიძე.

2005-2007 წლებში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. ექსპედიციის მუშაობა 2013 წლამდე სისტემატურად გრძელდებოდა. საყდრისის შესახებ, მეცნიერული კვლევების შედეგად გამოქვეყნებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ საყდრისის მაღარო მსოფლიოში უძველეს ოქროს მომპოვებელ კერას წარმოადგენდა.

 

 

რა კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა საყდრისს ჩვენი ქვეყნისთვის?

არქეოლოგ გიორგი გოგოჭურის ინფორმაციით, რადიო კარბონატული დათარიღების მეთოდით დადასტურდა, რომ მაღარო 5000 წლის იყო რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აღმოაჩინეს არა მხოლოდ ოქროს ნაკეთობები, სამკაულები, ქანდაკებები და სხვა, არამედ ის კაცობრიობის ისტორიაში უძველესი საბადო იყო, საიდანაც ადამიანმა პირველად მოიპოვა ოქრო.

მისივე თქმით, საყდრისი დედამიწაზე აღმოჩენილ ოქროს მაღაროებს შორის უძველესი აღმოჩნდა, მსგავსი ტიპის ეგვიპტურ მაღაროებზე დაახლოებით 1000 წლით უფრო ძველი. გარდა ამისა, გვირაბებში 10 000 – ზე მეტი არქეოლოგიური მნიშვნელობის ქვის იარაღი აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთი უტყუარი დასტურია საყდრისის მაღაროს საკაცობრიო მნიშვნელობისა. გარდა ამისა, საყდრისის ბორცვის მახლობლად აღმოაჩინეს, არაერთი სხვადასხვა დანიშნულების მოედანი, სადაც ისტორიული მაღაროელები საყდრისში მოპოვებულ ოქროს ამუშავებდნენ.

ერთი შეხედვით, საყდრისი ქვეყნის პრესტიჟის, კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური წარმატების სერიოზული წყარო უნდა გამხდარიყო. პლანეტის უძველესი ოქროს მაღარო, ოქროს საწმისის ქვეყნიდან, აუცილებლად მოიზიდავდა დიდი რაოდენობით ტურისტს, ქვეყნის სახელს გაიტანდა მსოფლიოში და მთლიანობაში, ძალიან სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთვის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროგნოზი არ გამართლდა.

მართალია, საყდრისს 2006 წლის 30 მარტს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მას კანონი იცავდა, მაგრამ 2012 წელს, საყდრისის მაღაროს გარშემო დავა დაიწყო. კომპანია RMG Gold-მა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, თითქოს ძეგლი, რომლის მნიშვნელობაც გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.

საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებაში კომპანიას ხელს საყდრისისთვის მინიჭებული ძეგლის სტატუსი უშლიდა. ამიტომ, დაიწყო ძეგლის სტატუსის ეჭვქვეშ დაყენების “სპეცოპერაცია”.

2012 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ანთიძე დანიშნეს, რომელიც 2000 წლიდან იმავე სფეროში მოღვაწეობდა. სწორედ, მისი დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის შესახებ სამცნიერო დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საყდრისში უძველესი ოქროს საბადოს არსებობა არ დასტურდებოდა.

ხელისუფლების დაკვეთით შექმნილმა სპეციალურმა თერთმეტკაციანმა კომისიამ, რომელსაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო “მეცნიერულ თაღლითობად” უნდა გამოეცხადებინა, 30 დღის განმავლობაში იმუშავა საყდრისში და განაცხადეს, რომ საყდრისში ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდებოდა. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის იყო, რომ კომისიის ექსპედიციას, არც მეტი და არც ნაკლები RMG Gold – ი აფინანსებდა. აღნიშნულ ფაქტს კომისიის წევრები მოგვიანებით პირდაპირ ეთერშიც არ მალავდნენ და საყდრისის მცველებთან საუბრის დროსაც, ღიად ადასტურებენ. ამასვე ამტკიცებს ჩვენთან საუბრის დროს არქეოლოგი გიორგი გოგოჭური.

“როდესაც პრობლემა გაჩნდა, წინა პლანზე, როგორც სახელმწიფოს, ისე კომპანიის ინტერესებმა წამოიწია. თავს დაესხნენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არ იყო ბოლომდე შესწავლილი და რომელსაც საკაცობრიო მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ქართული, არამედ ევროპელი მეცნიერებისთვის, რომლებიც თავგამოდებით იცავდნენ საყდრისს, ეს დიდი ტრაგედია იყო. RMG Gold – ის მიერ დაფინანსებული გეოლოგების კომიტეტის უარგუმენტო დასკვნამ გაიმარჯვა, ევროპის უამრავი ქვეყნიდან მოწვეული გეოლოგების, არქეოლოგების, პროფესორების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების დასკვნაზე, რომ საყდრისი იყო უძველესი ოქროს მოპოვების საბადო. სამწუხაროდ პოლიტიკურმა ინტერესებმა იმარჯვა”, – ამბობს გოგოჭური.

საბოლოოდ სახელმწიფოს მიერ ლობირებული RMG Gold – ის მიერ დაფინანსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2013 წლის 5 ივლისს, კულტურის სამინისტრომ საყდრისს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. აორთქლდა საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც, რომელიც 2006 წელს მიიღო. 2012 წელს, სამინისტროში აცხადებდნენ:

“დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა არც ერთ ჟურნალში, არც მეორეში, არც არქივში. კომისიის წევრები, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ, ვერ იხსენებენ, ვინმემ შემოიტანა თუ არა შესაბამისი ქაღალდები”.

ეს ძალიან გასაკვირი იყო, რადგან ძეგლს დოკუმენტაციის საფუძველზე მიენიჭა ძეგლის სტატუსი. ზოგმა მეცნიერმა ხმამაღლა თქვა, რომ საყდრისის დოკუმენტები არასოდეს არსებულა და არც ადრე უნახავთ. არქეოლოგი და ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირინე ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად არსებობდა და ის 2005 წელს სწორედ ნიკოლოზ ანთიძემ ჩაიბარა.

ჩვენ ირინე ღამბაშიძეს დავუკავშირდით. მან ინტერვიუზე უარი გვითხრა, თუმცა განმარტა, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის და ძალიან დაიღალა საყდრისის პოლიტიზირებული თემით.

მისი თქმით, საყდრისი უბრალოდ აღარ არსებობს. აი, რას წერდა არქეოლოგი 2013 წელს სოციალურ ქსელში:

“მივმართავ ნიკა ანთიძეს! საყდრისს რომ აძეგლებდით, მაშინ იტყუებოდით თუ ახლა? თქვენ არ იყავით 2005 წელს ძეგლის სტატუსის საბუთები ვინც ჩაიბარა? ახლა ცხადია, სად წავიდა ეს საბუთები!” იმ დროს ნიკოლოზ ანთიძემ ყველანაირი ბრალდება უარყო”.

 

 

საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა იყო სიგნალი, რომ მას განადგურების საფრთხე დაემუქრა. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად დაიწყო აქტიური სამოქალაქო მოძრაობა. საყდრისის დასაცავად სხვადასხვა ინტერესების, ასაკის, პროფესიის თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები გაერთიანდნენ. ჩვენ დავუკავშირდით ეკატერინე სოხაძეს, რომელიც საყდრისის გადარჩენის კომიტეტში იყო. ის დეტალურად იხსენებს იმ დროს საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი 2014 წელს გაზაფხულზე შეიქმნა. აპრილში დაიწყო კარვების აქცია, საყდრისის ახლოს.

“საყდრისის მაღაროს დაცვის მხრიდან პროვოკაციები იყო, გვქონდა გარკვეული შეხლა-შემოხლა მათთან. ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენს ადგილიდან მოშორებას, ამის გამო 2-ჯერ შევიცვალეთ მდებარეობა. შემდეგ დაიწყო მუშაობა კომიტეტის დაშლაზე. იყო პიროვნული პრობლემებიც გარკვეულ პირებთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრობლემების უმეტესობა სპეციალურად იყო შექმნილი კომიტეტის დასაშლელად. გარკვეული ადამიანები (ირაკლი მამალაძე) ფარულად იწერდა ჩვენს გეგმებს, მსჯელობებს და ამას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს გადასცემდა. ბრძოლა იმართებოდა, როგორც საყდრისში, ისე თბილისში – მანიფესტაციები, აქციები კულტურის სამინისტროსთან, მსვლელობები, შეხვედრები პარტიების წარმომადგენლებთან (ხელი მოაწერეს საყდრისის სტატუსის აღიარებას). თუმცა, ნელ-ნელა დაიწყო საყდრისის გადარჩენის კომიტეტის დაშლა, ჩამოგვეცალა დიდი ორგანიზაციები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი რესურსები, შემდეგ დავრჩით პატარა ჯგუფი, რომელიც ასევე მალე დაიშალა”, – აცხადებს ეკატერინე სოხაძე.

ძეგლის აფეთქება დაგმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. თუმცა, RMG Gold- ის მიერ დაწყებულ ნგრევას ხელი ვერაფერმა შეუშალა. დეკემბრის შემდეგ ძეგლის ტერიტორია კვლავაც ძალოვანების მიერ იყო ბლოკირებული. კომპანია კი განაგრძობდა ნგრევას.

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ჯგუფს მხოლოდ 2015 წლის მარტში მიეცა ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა. თომას შტიოლნერმა და ირინე ღამბაშიძემ ოფიციალურად განაცხადეს, რომ საყდრისი მთლიანად განადგურებულია.

“ის ადგილი აღარ არსებობს. აქ არის დიდი ორმო. სამუშაოები უკვე ძალიან დიდ სიღრმეზე მიმდინარეობს. ოქროს მოპოვების კერა 38 მეტრს აღწევდა, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები კი უკვე დაახლოებით 80 მეტრამდე არის ჩასული. ის დონე უკვე ხელყოფილია, დანგრეულია და აღარ არსებობს”.

ამ ადგილს სამართლიანად ეწოდა “ნასაყდრისალი”, რაც ძალაინ ჰგავს საქართველოში თემურ ლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ გაჩენილ ტერმინებს: “ნასახლარი”, “ნაქალაქარი”, “ნასოფლარი”, “ნასაყდრალი”…

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ XXI საუკუნის საქართველო ყველაზე უსუსურად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე. ის ვერ გაუფრთხილდა განძს, რომლის საიდუმლო, შესაძლოა, თამარ მეფემაც კი, წაიღო საფლავში.

 

ავტორი:ელენე ვადაჭკორია


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი