ყაზახური კონკურსის ქართველი გამარჯვებული – თათია კობალაძის სირთულეებით სავსე გზა წარმატებისკენ

ყაზახურ საერთაშორისო პროექტში “თურანის ხმა- 2022” მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების წინ, ხშირი კომუნიკაციის მიუხედავად, კულტურის სამინისტროს მომღერლის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს. თათია კობალაძე გამარჯვებული სწორედ ამ პროექტიდან დაბრუნდა.

მომღერალი თათია კობალაძე

თათია კობალაძე, 1992 წლის 28 ოქტომბერს, ბათუმში დაიბადა. 30 წლის ასაკში ის 2 შვილის დედაა. მისი მუსიკალური კარიერა პატარაობიდან დაიწყო. დაახლოებით, 7 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ორკესტრთან და კაპელასთან ერთად მღეროდა. როგორც თავად ამბობს, “სცენის მტვერი” სწორედ ამ ასაკში შეიგრძნო და მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯებიც სწორედ აქედან გადადგა.

კონკურსებშიც ამ ასაკიდან მონაწილეობს. 7 წლის იყო, როდესაც პირველი გრან-პრი აიღო. შემდეგ იყო  ბევრი საერთაშორისო ფესტივალი, მათ შორის, უკრაინაში, ბულგარეთსა და ეგვიპტეში. ხელცარიელი არცერთი ქვეყნიდან არ დაბრუნებულა. სამშობლოში ყველა კონკურსიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა.

კარიერის დასაწყისი საკმაოდ მრავალფეროვანი ჰქონდა, თუმცა, 13 წლის ასაკში დაოჯახდა. შემდეგ 2 შვილიც გააჩინა და ბავშვების აღზრდით დაკავდა. თუმცა, პროფესიულ საქმიანობაზე უარი არასდროს უთქვამს. როგორც კი შანსი მიეცა, მუსიკალურ სამყაროში ისევ აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით დაბრუნდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მეუღლე, შვილები და ოჯახის სხვა წევრები ყოველთვის მხარს უჭერდნენ მის მიზნებს.

2010 წელს, როდესაც 17 წლის თათიას 11 თვის შვილი ჰყავდა, სიმღერის კონკურს “ჯეოსტარში” მიიღო მონაწილეობა,  თუმცა, ამ გამოცდილებამ მის კარიერაში მტკივნეული კვალი დატოვა. თათია კობალაძეს “ჯეოსტარიდან” ცუდ მოგონებად დარჩა მუსიკალური პროდიუსერის მარინა ბერიძის სიტყვები, რომ სჯობდა სახლში წასულიყო და შვილისთვის მიეხედა, რადგან სიმღერა უბრალოდ არ შეეძლო.

როგორც თათია იხსენებს, მაშინ ამ სიტყვების გამო, ბევრი ინერვიულა, თუმცა, “ფარ-ხმალი” არ დაყარა და ეს მძიმე გამოცდილება, მისი კარიერული აღმასვლის საწყის ეტაპად აქცია.

2015 წელს, მონაწილეობდა უკრაინულ “იქს ფაქტორში”, სადაც ფინალურ ტურებში გადავიდა. სწორედ ეს იყო, მისი პირველი, მსოფლიო მასშტაბის წარმატება.

უკრაინული “იქ ფაქტორის” შემდეგ, საქართველოს იგივე პროექტში მონაწილეობდა, სადაც მხოლოდ შესარჩევი ტურის მონაწილე გახლდათ, რასაც დიდი გულისტკივილით იხსენებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყველა კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შესარჩევი ტურების იქეთ საქმე არ მიდიოდა.

 

 

მომღერალი იხსენებს, რომ 2 წლის წინ, ბედი “ახალ ქართულ ხმაშიც” სცადა, თუმცა, მისკენ ჟიურის არცერთი წევრი არ შემოტრიალდა. თათიას აზრით, საქართველოში ფიქრობენ, რომ თუ მაღალ ნოტებს აიღებ და კივი, მხოლოდ მაშინ ხარ კარგი მომღერალი.

“მუსიკოსობა სწორედ ისაა, საკუთარი ნამღერით ჟრუანტელი გივლიდეს და არა შემაწუხებლად ყვიროდე”, – აღნიშნა თათია კობალაძემ.

მომღერალმა 2020 წელს, ბედი თურქეთის “ვოისში” სცადა, სადაც როგორც სხვა პროექტებში, ფინალურ ტურში გადავიდა. ამას 2021 წლის ყაზახეთის “ვოისში” მონაწილეობა მოჰყვა, სადაც ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ პროექტიდან მის გავარდნას მაყურებლის იმდენად მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ როგორც თათია აღნიშნავს, პროექტის წესები შეცვალეს და “ხალხის რჩეულის” ტიტული გადასცეს, რათა გულშემატკივრები დაემშვიდებინათ, რომ მათ აზრს პატივს სცემენ.

თათია კობალაძე გვიყვება, რომ ყაზახეთმა ძალიან შეიყვარა და სწორედ ამიტომ, როცა ყაზახურ კონკურსში მონაწილეობა ისევ შესთავაზეს, დათანხმდა და მოგების იმედით გაემგზავრა. ამ კონკურსში მან ორი ყაზახური სიმღერა და ქართული “ახ ტურფავ, ტურფავ” შეასრულა. მისი თქმით, სიმღერის მშობლიურ ენაზე შესრულების შემდეგ მიხვდა, რომ ჯილდო მისი იყო, თუმცა, რომელი ადგილის, ჯერ არ იცოდა.

თათია ამბობს, რომ ყველა კონკურსზე გამარჯვებისთვის მიდიოდა, მაგრამ ჩანაფიქრს თუ ვერ აღწევდა, უფრო დიდი სტიმული ჰქონდა. მომღერალი აღნიშნავს, რომ უკვე კოლეგების მხრიდანაც სკეპტიკური განწყობა მოდიოდა, ყველა ეუბნებოდა, – რატომ არ იღლებიო?

მომღერლის აზრით, საქართველოში თავის დამკვიდრება, დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. კლიპისა და სიმღერის ჩაწერა, კომპოზიტორის მიერ, საავტორო სიმღერის შექმნა, გადაკეთება, პიარი, ყველაფერს თანხები სჭირდება და თანაც საკმაოდ სოლიდური.  როგორც მედია სააგენტო “24” -თან საუბრისას აღნიშნა, ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მომღერლობასთან ერთად, 2 შვილის დედაა და ყველა საჭიროებასთან ერთიანად გამკლავება რთულია. მაგრამ მაინც აკეთებს თავის მაქსიმუმს. სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე გამოდის, რომ ქართველების ნიჭიერება, მაქსიმალურად ყველას დაანახოს.

ფინანსური დახმარება, არც სახელმწიფოსგან და არც კერძო პირებისგან არასდროს მიუღია.  ერთადერთი ფაქტი ახსენდება,  ყაზახური “ახალი ხმის”  კონკურსში გამგზავრების წინ, კულტურის სამინისტრო ბილეთების შეძენაში დაეხმარა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ყაზახურ საერთაშორისო პროექტში “თურანის ხმა- 2022” მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების წინ, ხშირი კომუნიკაციის მიუხედავად, კულტურის სამინისტროს მომღერლის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს. თათია კობალაძე გამარჯვებული სწორედ ამ პროექტიდან დაბრუნდა.

 

 


“მსგავსი დამოკიდებულება ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის სახელით კონკურსზე მიდიხარ და ეს, შენს სამშობლოში არავის აინტერესებს. ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ, არამედ სხვა ბევრი ნიჭიერი ადამიანიც, რომლებმაც შორეულ ქვეყნებში წარმატებას მიაღწიეს”, – ამბობს თათია კობალაძე.

მომღერალი დიდ გულისტკივილს გამოხატავს იმის გამოც, რომ საქართველოში ჩატარებულ არცერთ კონცერტში მონაწილეობას არ სთავაზობენ და ამას მხოლოდ საკუთარი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ აღწევს.

ამბობს, რომ გარკვეულწილად, პოლიტიკა ამ სფეროშიც დიდ როლს თამაშობს. ყველა პარტია მმართველობის პერიოდში კონკრეტულ სახეებს აპიარებს. ყველა ხელისუფლებას თავისი ფავორიტები ჰყავს.

“საქართველოში წარმატების ერთადერთი გარანტია, კარგი ნაცნობობაა”, – ამბობს მომღერალი და აქვე სიამაყით დასძენს, რომ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალებით უმკლავდება.

თათია ძირითადად ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა.

“ბებომ და ბაბუმ დედასთან ერთად აღმზარდეს. დედა თბილისში იყო, ჩემს დასთან ერთად. მე კი, ბათუმში ბებოსთან, მაგრამ დედასთანაც ხშირად ვიყავი. ის ფაქტი, რომ სიმღერა ასე ძალიან მიყვარს, დედაჩემის დიდი დამსახურებაც არის”, – ამბობს მომღერალი. 

ბებია მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. 2022 წლის ზამთარში, სამწუხაროდ კორონავირუსმა იმსხვერპლა. ბებიის უკანასკნელი სურვილი, სწორედ თათიას წარმატება იყო. მისი გარდაცვალებით, მომღერალმა ყველაზე დიდი მოტივატორი დაკარგა, მაგრამ, როგორც ჩანს, უდიდესი მწუხარების პარალელურად, ბებიის გარდაცვალებამ ერთგვარი სტიმული მისცა, რომ თავისი ოცნება აეხდინა და დღეს უკვე ყაზახური საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ეს გამარჯვება კი, რა თქმა უნდა, მასზე უსაზღვროდ შეყვარებულ ბებიას მიუძღვნა.

თათია იხსენებს, რომ 18 წლის განმავლობაში, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძოდა, ბევრი ტკივილის თუ სიხარულის შემდეგ, დღეს სწორედაც რომ პირველი ადგილის მფლობელია.

ავტორი: სალომე ხომასურიძე

 

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი